დავითაშვილი: მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა

მწვანე ეკონომიკა – ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც სტაბილურ განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ–სამიტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის – საქართველო“. 

კლიმატი და სოფლის მეურნეობა პანდემიის პერიოდში: რა განიხილეს მინისტერიალზე

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის საქართველო აქტიურად მუშაობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სათბური აირების შემცირების მიმართულებით. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკის ეფექტიანი შედეგის მისაღებად მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო სტაბილური განვითარების მიზნების მიღწევის პერსპექტივებსა და ქვეყნების მიერ „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.

„გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების სამთავრობო, ბიზნეს-სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.