ბენდელიანი: ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული ვითარება გამოუვალი არაა

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მიიჩნევს, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული ვითარება გამოუვალი არაა, თუმცა გადაჭრით იმის თქმა, რომ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, არასწორია.

„მეგონა, მიწა სკდებოდა“ – მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები ადამიანები სახლებს ტოვებენ>>

თბილისის მერია გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. შექმნილი პრობლემის შესასწავლად  ქვეყანაში გერმანელ ინჟინერ–გეოლოგთა ჯგუფი ჩამოვიდა.

გერმანელი გეოლოგი: არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა, უნდა მივიღოთ პირველადი ზომები

ირაკლი ბენდელიანი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი გერმანელ ინჟინერ-გეოლოგებთან ერთად დღეს ვაშლიჯვრის მეწყრის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. თბილისის მერის განცხადებით, უკვე არსებობს პირველადი გეგმა და პროექტის მონახაზი, რომელიც იმ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნებს.

ბენდელიანის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეული საფრთხე არის, რის გამოც თბილისის მერიამ 16 მარტს  გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა, მისი თქმით,  მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

„რომ გითხრათ, ამ ტერიტორიაზე ჩამოშლის საფრთხე არაა, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. არც ერთი ექსპერტი არ ამბობს, რომ ჩამოშლის საფრთხე გამორიცხულია. მოსახლეობის ინფორმირებისა და დამშვიდების მიზნით შემიძლია ვთქვა, რომ აქ გამოუვალი მდგომარეობა არ გვაქვს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ბედელიანის განცხადებით, მომდევნო კვირის ბოლომდე  თბილისში  მონიტორინგის სპეციალური სისტემა  ჩამოვა და დამონტაჟდება.

ქართველმა სპეციალისტებმა ვაშლიჯვარში მეწყრული მასის გადაადგილების სიჩქარე გამოთვალეს

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები სპეციალური აღჭურვილობით მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.

23 მარტს  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება.