XVIII საუკუნის 40-იან წლებში საქართველო დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. ქართველ კაცს თითქმის ყველა მიმართულებით უხდებოდა ბრძოლა და ხმლის ქნევა. თუ სამხრეთიდან ოსმალეთი და ირანი გვეძალებოდნენ, ჩრდილოეთიდან მარბიელი ლეკები გვიშრობდნენ სისხლს.
ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ თავად ქართველებში არ იყო ერთიანობა და თანხმობა. საკმარისი იყო, რომელიმე პატრიოტს იარაღი აეღო ხელში ქვეყნის გასათავისუფლებლად, მაშინვე მიესეოდნენ და ისე დაჯიჯგნიდნენ, „როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“.
საუბედუროდ, ასეთი ფაქტები მრავლად მოგვეძიება ისტორიულ არქივებში, მაგრამ მათგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა ქსნის ერისთავის აჯანყება ყიზილბაშების წინააღმდეგ.
შანშე ქსნის ერისთავი ძალზე წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. ის თავიდან ირანის შაჰის ერთგული ყმა და მსახური იყო, მაგრამ როგორც კი სპარსეთში შიდა არეულობა დაიწყო, ძმასთან, იესესთან ერთად აჯანყების დროშა ააფრიალა. თუმცა სპარსელებზე ადრე მას გივი ამილახორი მიუხტა და ქსნის ხეობა ააოხრა. შანშეც არ დარჩა ვალში, საამილახვროში შეიჭრა და გადაბუგა იქაურობა. ამასობაში სპარსელებიც გამოჩნდნენ და აჯანყებული ქსნის ერისთავი სასტიკად დაამარცხეს. შანშე რუსეთში გაიქცა დამხმარე ჯარის სათხოვნელად, იესე კი ერთხანს მცირერიცხოვანი რაზმით პარტიზანულ ომს აწარმოებდა დამპყრობლის წინააღმდეგ. ბრძოლა იყო უთანასწორო და უიმედო, მით უფრო, რომ ყიზილბაშებს ქსანელებთან ომში, გივი ამილახვართან ერთად, უთრუთ არაგვის ერისთავიც ეხმარებოდა. ბოლოს იესეც გატყდა, ძმისა და რუსეთიდან დახმარების უიმედოდ მომლოდინემ ბრძოლა შეწყვიტა, ოჯახი აჰყარა და კახეთის გზას დაადგა თავშესაფრის სათხოვნელად.
კახეთისკენ მიმავალ ქსანელებს გზა არაგვის საერისთაოზე ედოთ. ამიტომ პატარ-პატარა ჯგუფებად გაიფანტნენ, რომ ვინმეს ყურადღება არ მიეპყროთ. მათდა საუბედუროდ, უთრუთ არაგვის ერისთავს იმ დღეებში ყიზილბაში სარდლები ჰყავდა სტუმრად. გაუთავებელი ნადიმ-ღრეობების შემდეგ ბაზალეთის ტყეებში სანადიროდ გაიყვანა არაგვის ერისთავმა „ძვირფასი სტუმრები“. მონადირეებმა ბაზალეთის ტბის სიახლოვეს მოჰკრეს თვალი კახეთისკენ მიმქროლავ უცხო ცხენოსნებს. გამოედევნენ არაგველები და შეიპყრეს ქსანელები. დატყვევებული აღმოჩნდა იესე ერისთავის ცოლი და მისი მსახურეული ამალა. არაგვის „სტუმართმოყვარე“ მბრძანებელმა ულამაზესი ქართველი ქალი, მეზობლის ცოლი საქართველოს დამაქცევარ ყიზილბაშებს „მიართვა გასართობად“...
ხელმოცარული დაბრუნდა რუსეთიდან შანშე ერისთავი. საერისთავო აკლებული, ოჯახი ატირებული, ძმა და რძალი გაბახებული დახვდა. შურისძიებით აღვსილი ჭარში წავიდა, 12 ათასი ლეკი იქირავა და საარაგვოს შეუსია. ჯერ ხაშმის ციხე იავარჰყო, შემდეგ კი ანანურს დაეცა თავს, სადაც უთრუთ ერისთავი ოჯახითა და არგველთა ჯარით იყო გამაგრებული. ალყა გაჭიანურდა, უშეღავათო ბრძოლაში ანანური მედგრად იცავდა თავს, თუმცა ალყაში მოქცეულთ მალე გამოელიათ სარჩო-საბადებელი, ამას უწყლობაც დაერთო. აი მაშინ კი სცადა უთრუთ ერისთავმა გამძვინვარებულ ქსნის ერისთავთან შერიგება. გამოვიდნენ ციხიდან არაგვის ერისთავის ძმები — გიორგი, ბარძიმი და აბელი. სამივენი მძევლებად აიყვანა შანშემ და უთრუთს შეუთვალა, თუ მართლა შერიგება გსურს, შენ თვითონ გამოდი ცოლ-შვილით, შემხვდი და შევრიგდეთო.
არ ენდო არაგვის ერისთავი მოსისხლე მტერს, ოჯახით ყველაზე მაღალ, „შეუპოვარ კოშკში“ გამაგრდა და ბრძოლა განაგრძო.
და განრისხებულმა შანშემ უთრუთის სამივე ძმას თავები დააყრევინა, ბარძიმს და აბელს ცოლ-შვილი გაუწყვიტა, ხოლო გიორგის ცოლი ლეკებს „უფეშქაშა“.
შეიჭრნენ ლეკები ანანურში: „აიკლეს, ააოხრეს მონასტერი, დაამტვრიეს ხატნი პატიოსანნი. გამოასხეს ტყვე უთვალავი. უყვეს ყათლანი (ხოცვა-ჟლეტა) ქალით კაცამდის...“
რაც შეეხება „შეუპოვარ კოშკში“ გამაგრებულ უთრუთ ერისთავს, შანშეს მებრძოლებმა კოშკი რომ ვერ აიღეს, გარშემო შეშა დაუყარეს, იქაურობა ცეცხლს მისცეს და არაგვის ერისთავი ცოლ-შვილიანად გამოწვეს შიგნით.
შანშემ, პირად მტერთან ანგარიშის გასწორების შემდეგ, სპარსელებისთვისაც მოიცალა, მაგრამ აჯანყებულ ქსნის ერისთავს ახლა შვილმა უღალატა, რომელიც ირანის შაჰთან გაიქცა. ნადირ-შაჰსაც მეტი რა უნდოდა, დიდი სიხარულით შეხვდა შანშეს მოღალატე შვილს და საჩუქრებით აავსო.
ირანის მბრძანებელს დაღესტნის დალაშქვრა ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ შანშეს განადგურება მოღალატე ქართველებს — გივი ამილახორს, ქაიხოსრო ორბელიანს, გასპარსებულ უფლისწულ აბდულა ბეგ იესეს ძეს დაავალა, ხოლო ქართლის ნაიბ (გამგებელი) იმამ-ყული ხანს უბრძანა, ჯარი მიეშველებინა მათთვის. სარდლობა კი გივი ამილახორს მიანდო, როგორც „ყველაზე ერთგულსა და მამაც ქართველს“.
„თუ შანშეს დამიჭერთ და მომგვრით, მე აღვასრულებ თქვენს ყოველ საწადელსა და მოგცემთ წყალობას უშურველსა“, — ასეთი იყო ნადირ–შაჰის მეფური სიტყვა.
1740 წლის აგვისტოს მუხრანში შეიყარა ყველა რჯულის მხედრობანი: „ინდოელნი, ლაურელნი და ფშაურელნი, ოთხი სულთანი ექვსის ათასის კაცით. შემდგომად ამისა მოიწვივნენ ჯარი ავღანთა, იყვნეს კაცნი შავნი და დუხჭირნი, შიშველნი, მცირე რამ საბარდნელი ეფარათ ტანზე ზედა, ვითარცა ზერგადი, გინა ზეწარი ჩამოეფარათ თავსა ზედა, მსგავსად დედათა ფხოელთასა“.
და ერთი საომარი დროშის ქვეშ დადგნენ: მოღალატე ქართველნი, ყიზილბაშნი, ინდოელნი და ავღანელნი. ამილახორმა სამად გაჰყო ლაშქარი: ერთს ბეჟან არაგვის ერისთავი უსარდლა და ლომისაზე გაგზავნა, მეორე — ყიზილბაშნი, ინდოელნი და ავღანელნი იმამ-ყული ხანის მოთავეობით ლიახვის ხეობას შეუსია, ხოლო თავად საამილახვროს ჯარით პირდაპირ ქსნისკენ დაიძრა.
ასე სამის მხრიდან „უყვეს თარეში, ააოხრეს ქსანი, დაწვეს, დაატყვევეს და ამოწყვიტეს ურიცხვი, დააქციეს ციხენი. ან საცა კოშკი იყო, არსად გაუშვეს შენობა“.
აწერის ციხეში გამაგრდა შანშე ერისთავი ოჯახ–სახლეულით, მსახურეულით, ძმითა და რძლით. ერთი კვირა გაგრძელდა ალყა და იერიში. შანშე ერისთავმა რომ შეატყო, ციხე ეცემაო, ძმასთან ერთად გაიპარა ღამით, უპატრონოდ დაგდებული აწერის ციხე კი დილით დაეცა. გამარჯვებულებმა „შეიტყვეს გაპარვა ერისთავისა, აიკლეს ციხე და იავარჰყვნეს საქონელი“.
ტყვედ ჩავარდა აწერის ციხეში დარჩენილი იესე ერისთავის ოჯახი, სახლეული და მსახურეული. მომხდურები შანშე ერისთავის ცოლსაც ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვნეს. თუმცა იქვე კი იყო, მდაბიო ტყვე ქალთა შორის, ვერ იცნეს, რადგან გლეხის ქალის დაკონკილი სამოსი ჩაეცვა ერისთავის თანამეცხედრეს. მაგრამ რომელიღაც გათათრებულმა ქართველმა თავადმა, რომელსაც ადრე შანშე ერისთავის კარზე პურ-მარილი მიეღო, იცნო ერისთავის ცოლი და მაშინვე უჩურჩულა იმამ-ყული ხანს – გლეხურ ფლასებში ჩაცმული ქალი შანშე ერისთავის მეუღლე გახლავთო.
ხანმა შანშეს ცოლი მდაბიო ტყვეთაგან გამოიყვანა, ძლიერი დაცვა მიუჩინა და თბილისს გამოისტუმრა პატივით.
ამის შემდგომ ყიზილბაშთა სარდალმა „დააქცივა ციხე აწერისა და ანუ სადა სიმაგრენი იყვნენ სრულიად ააოხრა. გაუშვა მარბიელი ავღანისა და საცა რამ დარჩომილი იყო, დაატყვევეს“.
შიდა ქართლის უმეტესი ნაწილი და საამილახვრო იმამ-ყული ხანმა გივი ამილახორს ჩააბარა და თვითონ ჟამურის ხეობას შეესია სარბევად და საძარცვავად.
მაგრამ გამოუხდნენ ჟამურელი ქართველები მაოხარ მტერს, „შეუკრეს ერთი ვიწრო ალაგი, დაუშინეს, გამოაქცივეს ყიზილბაშნი“. სდიეს და სჩეხეს უწყალოდ, ხმლებით აკუწეს მოღალატე პაპუნა მუხრან-ბატონი. ძლივს ჩამოიტანა ტყავი თბილისში ქართლის გამგებელმა იმამ-ყული ხანმა.
ყიზილბაშებმა 900 ქართველი წამოყვანეს ტყვედ ქსნის ხეობიდან და, შაჰის ბრძანებისამებრ, ავღანელებს მისცეს. იმათ კი, ვისაც პატრონი, მოკეთე ან სხვა ვინმე გულმოწყალე მოყვასი გამოუჩნდა, ფულზე მიჰყიდეს, ხოლო ვინც ვერ გაყიდეს და ფული ვერ ამოიგეს, იმათ „ცხვრულებ“ ყელები დასჭრეს, ან წყალში ჩაახრჩვეს.
ბოლოს შანშე და იესე ერისთავებიც იგდეს ხელთ ყიზილბაშებმა და ნადირ შაჰს წარუდგინეს. იმ დროს შაჰთან იმყოფებოდნენ მისგან დიდად ნაწყალობევი და დასაჩუქრებული ქართველები: ბატონიშვილი აბდულა ბეგ იესე ძე, ქაიხოსრო ციციშვილი, ქაიხოსრო, ელიზბარ, დავით, რევაზ და სულხან ორბელიანები, პაატა აბაშაშვილი, გივი ამილახორი, გივი ერისთავი, ოთარ ამილახორი, ლუარსაბ თარხანი. იდგნენ და უცქერდნენ დატყვევებულ ქსნის ერისთავს. ამ უსულგულო რენეგატებს შორის არც ერთი არ ფიქრობდა, რომ მათსავით ღალატით ნაყიდ და ნამათხოვრალ კეთილდღეობას მაინც შანშე ერისთავის ეკლის გვირგვინი სჯობდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ირანის მბრძანებელი „ერთგულ ქართველებს“ მიბრუნდა: თუ თქვენს შორის ერთი მაინც აღმოჩნდება, რომელიც შუამდგომლობასა და თავდებობას იკისრებს, მე შევუნდობ, ვაპატიებ და თავისუფლებას მივანიჭებ შანშე ერისთავსო. სამარისებური სიჩუმე არავის დაურღვევია. ამიტომ, შაჰის ბრძნებით, დაბორკილი შანშე ერისთავი და მისი ძმა იესე ხორასანს წაასხეს, სადაც შანშეს თვალები დასთხარეს და ძმასთან ერთად დილეგში ჩააგდეს.
გავიდა დრო და 1742 წელს თავად გივი ამილახორი აჯანყდა. ირანის შაჰმა კვლავ არ დაარღვია ტრადიცია და მის მოღალატე ქართველს თავისი ერთგული ქართველები მიუსია. გივი ამილახორის „განეიტრალება“ თეიმურაზ კახთა მეფეს დაავალა. სისხლისმღვრელი და დაუნდობელი ბრძოლების შემდეგ თეიმურაზ მეორემ სურამის ციხეში მიიმწყვდია გივი ამილახორი და დაატყვევა.
მართალია, გივი ამილახორის აჯანყება ამით დასრულდა, მაგრამ ნადირ შაჰმა მაინც ვერ გაბედა მისი საქართველოში დატოვება და ორი ხანი გამოგზავნა საქართველოში გივი ამილახორის სპარსეთში წასაყვანად.
ირანის დედაქალაქისკენ მიმავალ ამალას, რომელსაც დატყვევებული ქართლის ერისთავი მიჰყავდა, წინ შანშე ქსნის ერისთავის ამალა შეეგება. შაჰს ერისთავები შეეწყალებინა და საქართველოში გამოეშვა, თუმცა დილეგში დასნეულებული იესე გზაში გარდაცვლილიყო.
როგორც ლევან სანიკიძე წერს წიგნში „დედა ისტორია“, ამილახორმა მაშინვე იცნო ქსნის ერისთავი, ხოლო შანშემ ვერ იხილა თავისი მოსისხლე მტერი, რადგან თვალები ჰქონდა დათხრილი. ამიტომ იკითხა ბრმამ, ვინ არიანო. და როცა გაიგო, რომ ეს დატყვევებული გივი ამილახორი მიჰყავდათ სპარსეთს, მასთან ახლოს მიყვანა უბრძანა მხლებლებს. მიახლოებისას შანშე მიესალმა ყოფილ მტერს:
— გამარჯობა, ამილახორო.
— გამარჯობა, ერისთავო.
— ხელი მომეცი, ამილახორო.
— ხელები გაკრული მაქვს და ვერ მოგცემ, ერისთავო.
— მაშინ მე თვითონ მოვნახავ შენს ხელებს, ამილახორო.
— მადლობელი ვარ, ერისთავო.
— რატომ სტირი, ამილახორო?
— საიდან მიხვდი, ერისთავო?
— ჩემს ხელებზე ცვივა შენი ცრემლები.
— შენი უბედურების გამო ერისთავო. შენ რატომღა სტირი?
— მე კი შენი უბედურების გამო, ამილახორო.
— შენ ჩემზე ბედნიერი ხარ, ვინაიდან მაინც საქართველოსკენ მიეშურები, ერისთავო.
— ჰო, მაგრამ ვეღარასოდეს ვიხილავ მის სილამაზეს, ამილახორო...
და დიდხანს სტიროდნენ ერთიმეორეს, სტიროდნენ გაუბედურებულ სამშობლოზე და მის გაუკუღმართებულ ჟამსაბრუნავზე.
წრფელი სინანულის ცრემლებმა შეარიგა აქამდე აქამდე დანასისხლად გადამტერებული ორი ქართველი.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაშორდნენ. ბედნიერი უსინათლო საქართველოსკენ მოისწრაფოდა, უბედური თვალხილული კი ისფაჰანისკენ მილასლასებდა...