საგარეო ბრუნვა: რითი ვაჭრობს საქართველო პანდემიის დროს

საქონლის ექსპორტი საქართველოდან 2021 წლის პირველ ორ თვეში 6,8%-ით შემცირდა გასული წლის იანვარი–თებერვალთან შედარებით.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს – 2021 წლის იანვარი–თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

საქართველომ  თხილის ექსპორტისგან 86 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო>>

2021 წლის იანვარი–თებერვალში ქვეყნიდან 294,7 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა – 6,8%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

იტალიაში ათი ტონა ქართული თაფლი გავიდა

თუმცა, ექსპორტის ვარდნის ტემპები შედარებით შემცირდა – იანვარში ექსპორტზე გაიტანეს 224,4 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია, რაც 16,2%-ით ნაკლებია 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

იმპორტმა 2021 წლის ორ თვეში შეადგინა 1.159,3 მილიონი დოლარი, რაც 14,1%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარი–თებერვლის მაჩვენებელზე.

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,2%-ია.

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის რეკორდული რაოდენობა გავიდა>>

2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 5,1%-ით, ფეროშენადნობის – 23%-ით, მინერალური და მტკნარი წყლის – 17%-ით, სპირტიანი სასმელების – 18,8%-ით, თხილის – 125,4%-ით, სამკურნალო საშუალებების – 1,5%-ით.

ამავე დროს, დაეცა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 52,5%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,3%-ით, აზოტის სასუქის – 8,5%-ით, ოქროსი – 42,3%-ით.

რუსეთის ფაქტორი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2021 წლის იანვარი–თებერვალში გაიზარდა საბურღი მანქანების (2881%), სატვირთო ავტომობილების (86%), ხორბლისა და მესლინის (55,9%) იმპორტი.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში შემცირდა 28,2%-ით, აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების 13,8%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 21%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 21,3%-ით, სამკურნალო საშუალებების – 6,7%-ით, სატელეფონო აპარატების – 26,4%-ით, ელექტროენერგიის – 15,6%-ით.