თბილისი, 22 მარტი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა გარეული ცხოველებით ვაჭრობამ გამოიწვია, ასეთი ვარაუდი აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს, რომლებიც უჰანში გავრცელების წყაროს იკვლევდნენ, იუწყება Sputnik-ბელარუსი.
ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთმა ცხოველმა, რომელიც უჰანის ბაზარში იყიდებოდა, ვირუსი ღამურისგან შეიძინა, შემდეგ კი მან ეს ვირუსი ადამიანს გადასცა და ამგვარად ვირუსის შუალედური მატარებელი გახდა.
ხაზგასმულია, რომ SARS-CoV-2 ძალიან ჰგავს იმ ვირუსს, რომელიც მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS) იწვევს. მისი პირველადი მატარებლები არიან ღამურები, ხოლო ადამიანებს ის ჰიმალაის ციბეტებისგან გადაედოთ.
„გზა, რომლითაც გაჩნდა SARS-ი, იგივე იყო ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ბრიტანელმა ზოოლოგმა პიტერ დასზაკმა, რომელიც სხვა ექსპერტებთან ერთად ამზადებს მოხსენებას ჩინეთში ჯანმოს მისიის შედეგების მიხედვით.
აღნიშნულ ვერსიასთან დაკავშირებით რუსეთის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის დოცენტი სერგეი ვოზნესენსკი განმარტავს, რომ ჩინეთში გარეული ცხოველებით ვაჭრობამ შესაძლოა ხელი შეუწყო კორონავირუსის გავრცელებას, მაგრამ არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს ერთადერთი მიზეზია.
მისი თქმით, ბევრი ვირუსი დამახასიათებელია თავიდან ერთი ბიოლოგიური სახეობებისთვის, შემდეგ კი სხვებს გადაეცემათ - ეს რეგულარულად ხდება.
„მაგრამ მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ მხოლოდ იმის შედეგად, რომ ხდებოდა გარეული ცხოველებით ვაჭრობა, მოხდა ვირუსის გადადება ერთი ბიოლოგიური სახეობიდან მეორეზე. ამან მხოლოდ ხელი შეუწყო“, - ციტირებს ვოზნესენსკის РИА Новости.
კორონავირუსის აფეთქება უჰანში 2019 წლის ბოლოს დააფიქსირეს. ჩინელმა მედიკოსებმა ახალი დაავადების გამომწვევი 2020 წლის იანვარში დაადგინეს და სახელწოდება 2019-nCoV მიანიჭეს. მალე დაავადებამ პირველი მსხვერპლი შეიწირა, შემდეგ კი ინფექცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავრცელდა.
2020 წლის მარტში, როდესაც ვირუსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა, ჯანმომ ამ გავრცელებას პანდემია უწოდა.
დღეისათვის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დაინფიცირდა 123 მილიონზე მეტი ადამიანი, 2,7 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. 10 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში.