თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შესაძლოა AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას, ამის შესახებ მინისტრმა ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს თავადვე განუცხადა.
ტიკარაძე: პროცესი დავაჩქარეთ, ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა ჩაერთონ>>
ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ახალციხეში აცრის შედეგად დაფიქსირდა სერიოზული გართულება, რომელიც ლეტალურად დასრულდა. 27 წლის ექთანი 19 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
„მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესის მიმართ“, – განაცხადა მინისტრმა.
ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას გრძნობს.
„მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს", – განაცხადა ტიკარაძემ.
რატომ არ გაიკეთა ერთ-ერთმა პირველმა ვაქცინა და ხომ არ იყოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული ევროპის რიგ ქვეყნებში პრეპარატ AstraZeneca-ს გამოყენების შეჩერებასთან, ამაზე ახსნა-განმარტება ეკატერინე ტიკარაძეს მანამდეც დასჭირდა.
როგორც მინისტრმა მაშინ განაცხადა, მან თავისი ვაქცინა მედიკოსებს დაუთმო.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დღეიდან კი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. ტიკარაძის თქმით, ამის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.
ტიკარაძე: მედდის გარდაცვალების საქმეზე შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი>>
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩაერთვებიან.
ეპიდემიოლოგები მედიცინის მუშაკებს აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.