შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში

საქართველოს პარლამენტი შესაძლოა ოპოზიციონერი დეპუტატებით შეივსოს, ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე კი არ არის გამორიცხული „მესამე ძალის“ გამოჩენა
Sputnik

საქართველოდან ევროპელი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის გამგზავრების შემდეგ, რომელმაც ვერ შეარიგა ხელისუფლება და ოპოზიცია, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ მმართველ პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებას. „გირჩმა“ ასევე უარი განაცხადა ოპოზიციის დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე.

გარდა ამისა, ჩრდილიდან გამოვიდა საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ყველა ერთხმად ალაპარაკდა ახალი ალტერნატიული ძალის შექმნაზე. რა ხდება ქართულ პოლიტიკაში - ვცადოთ ერთად გავერკვეთ.

მეტი ოპოზიცია პარლამენტში?

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინა კვირას ჩაშლილი მოლაპარაკება, როგორც აღმოჩნდა, „გირჩისთვის“ ბოლო წვეთი იყო.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალურად დაველაპარაკოთ ყველას, ვისაც რეალურად უნდა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბარიერმა დაიწიოს. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დასრულდება ერთი პარტიის დომინირება. და მეორე - მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომ არ იყოს შანსი პოლიტიკური დავებისა და რეპრესიებისთვის“, - განუცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს.

საბოლოო ჯამში, ნორმალური პარლამენტის ჩამოყალიბება იქნება  ამ მოლაპარაკების წარმატების შედეგი, ხაზი გაუსვა რაქვიაშვილმა.

ღარიბაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

„ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები, როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, იქნება ეს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიების და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკება, ან მაგალითად სხვა დიპლომატების დახმარებით, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამჟამად ოპოზიციურ ფრთას პარლამენტის სხდომებზე წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“, რომელიც პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრებისგან შედგება.

დანარჩენი პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებენ და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობენ.

სხვა ოპოზიცია

„გირჩისგან“ განსხვავებით, ინდივიდუალური მოლაპარაკების წინააღმდეგია „სტრატეგია აღმაშენებელი“.

საქართველოს საარჩევნო რეფორმა მზადაა: ცვლილებების პროექტის დეტალები

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს. მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს. პრინციპში, ამაზე შეთანხმებული ვართ, რომ თუ მედიაცია გაგრძელდება და იმედი გვაქვს, ევროკავშირის მედიაცია გაგრძელდება, აუცილებლად ჩავერთვებით მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„გირჩთან“ უთანხმოებას არ მალავენ ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

„ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია. ეს არის ყველაზე კარგი, რათა უკეთ გავართვათ თავი ამოცანებს. „გირჩის“ ნაწილს თავისი შეხედულება აქვს და რიგ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ოპოზიციის ერთიანი აზრისგან განსხვავდება. ეს მათი გადასაწყვეტია, მათი გზაა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

პირისპირ

პარტია „გირჩის“ ინიციატივას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაშიც. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის სიტყვებით, ისინი ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში პრობლემას ვერ ხედავენ.

პარლამენტის პიკეტირება დასრულდა – ოპოზიცია კარვებს დაუბრუნდა

„ჩვენ ვიყავით და მზად ვართ დღესაც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, გნებავთ ინდივიდუალურად. მაგრამ ალბათ უფრო სჯობს, რომ მოლაპარაკებების ფორმატი იყოს მთლიანად ოპოზიციაში“, - განუცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაასახელა სამი პარტია, რომლებიც მოლაპარაკებებზე სიხისტეს იჩენდნენ და კომპრომისზე არ მოდიოდნენ. ესენია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“.

„ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში. ყველა სხვა ავლენდა რეალურად  კომპრომისისთვის მზადყოფნას... რეალური დიალოგისთვის, თუმცა ამ სამ პოლიტიკურ პარტიას ეკავა ძალიან ხისტი პოზიცია, ეს იყო აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული პოზიცია, რამაც საბოლოო ჯამში შეუძლებელი გახადა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა კობახიძემ.

გახარიას ფაქტორი

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ „გირჩის“ გარდა, საქართველოს პარლამენტში შესაძლოა სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდნენ. ეს პროცესი შესაძლოა დააჩქაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებამ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

„ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ალბათ დაფიქრდება იმაზე, რომ თუ გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება და ოპოზიციურ ნიშას დაიკავებს, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს გაუჭირდებათ. ქუჩა არ არის ადგილი, რომელიც ამა თუ იმ პარტიას პოლიტიკური სტატუსის გარანტიას მისცემს. პარლამენტი კი ასეთი ადგილია... გახარიას გამოჩენა ალბათ ამ პროცესის - პარლამენტის მიმართულებით ოპოზიციონერების მსვლელობის - დეტონატორის როლს შეასრულებს“, - აღნიშნა საყვარელიძემ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რიგებშიც გაჩნდეს.

„მოქალაქეები“ ჩანაწერების ნამდვილობის დადგენას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოითხოვენ

„ლელოს“ რაც შეეხება, ისინი პარლამენტის მიმართულებით სხვებზე ნელა იმოძრავებენ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“, თუ ისინი პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ, შევლენ ის პერსონები, რომლებიც ძალიან არ აქტიურობდნენ პარლამენტის ბოიკოტირების საკითხში, სხვებზე ჩუმად იყვნენ. აი მათ, ვფიქრობ, შეუძლიათ საპარლამენტო სავარძლებისკენ კურსის აღება“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოლაპარაკების პროცესში იგი ოპოზიციას სხვა საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს.

ოპოზიცია 15 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში მხარდამჭერების მობილიზებას შეეცდებიან.