თბილისი, 22 მარტი — Sputnik. დამოუკიდებელმა კომისიამ ვერ გამოავლინა თრომბოზის განვითარების მაღალი რისკი ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით COVID-19-ზე აცრილებს შორის, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა კომპანიის საიტზე.
მიღებული მონაცემების თანახმად, პაციენტები კარგად ეგუებიან პრეპარატს. უსაფრთხოებისა და მონაცემების მონიტორინგის დამოუკიდებელმა საბჭომ (DSMB) ვაქცინების უსაფრთხოებაში პრობლემები ვერ გამოავლინა.
„DSMB-მ თრომბული გვერდითი ეფექტებისა და თავის ტვინის ვენოზური სინუსების სპეციალური შემოწმება ჩაატარა დამოუკიდებელი ნევროლოგის მეშვეობით. DSMB-მ ვერ აღმოაჩინა თრომბოზისა და გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი 21.583 აცრილს შორის“, — ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე, 19 მარტს AstraZeneсa-ს ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც, რომელმაც ასევე ვერ გამოავლინა კავშირი ვაქცინასა და თრომბოზებს შორის. ამასთან, ჯანმოში განაცხადეს, რომ პრეპარატის სარგებელი პოტენციურ რისკებს ბევრად ჭარბობს და AstraZeneсa-ს ვაქცინით აცრების რეკომენდაცია გასცეს.