საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი პროგრამა იწყება

პროგრამის ფარგლებში შემუშავდება მასწავლებელთა მომზადების ეფექტური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დამხმარე სასწავლო-მეთოდური რესურსები
Sputnik

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ შშმ და რისკ-ჯგუფის ბავშვთათვის სამწლიანი განათლების პროგრამა აამოქმედა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

ზოგადი განათლების მოდელის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გახდება

პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი, ანდა სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები.

„პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტს აფინანსებს ნორვეგიის მთავრობა და ის 2021-2023 წლებში განხორციელდება.

„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

პროგრამის განხორციელების შედეგად შემუშავდება მასწავლებელთა ეფექტიანი სასწავლო პროგრამები და დამხმარე სასწავლო-მეთოდური რესურსები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

შშმ პირებს საკუთარი უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვის შესაძლებლობა ექნებათ

ასევე გაძლიერდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები უნივერსიტეტებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებში.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე პროგრამა ხორციელდება.