„კომენდანტის საათის“ გაუქმების მომხრეები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც ითვალისწინებენ სანქციებს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მოძრაობა „სოცაფეთქების“ მონაწილეები ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით კოლექტიურ სარჩელს შეიტანენ.

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო შეამსუბუქა

დღეს მოძრაობის მონაწილეებმა იმავე მოთხოვნით სამთავრობო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი იუწყება, ცუდი ამინდის გამო კანცელარიასთან სულ ოცამდე ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს უკავიათ პლაკატები წარწერებით - „მოხსენით კომენდანტის საათი!“, „გადავარჩინოთ ტურიზმი“, „გახსენით ქვეყანა“.

„თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება შეზღუდვების დამძიმების ან შერბილების შესახებ.

სახალხო დამცველი ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის 24 საათით მოხსნას ითხოვს

„თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან“, ასევე „სისხლის სამართლის კოდექსიდან“, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე... ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც შეიძლება დამძიმდეს შეზღუდვები, შეიცვალოს, ან შერბილდეს. ჩვენ ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. მაგალითად, გერმანიაში ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული”, - აღნიშნა სალომე ხვადაგიანმა.

საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა, პირბადის ტარებასა და მასობრივ ღონისძიებების აკრძალვასთან ერთად, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დარჩენილი შეზღუდვებიდან, რომლებიც საქართველოში ეპიდვითარებიდან გამომდინარე კიდევ გაურკვეველი ვადით იმოქმედებს.