საქართველოს ხელოვნების სასახლეს საჩუქრად ალექსანდრე ბენუას ნამუშევრები გადაეცა

ბენუა XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხატვრო კრიტიკოსია, მისი დამკვიდრებულია ტერმინები „ავანგარდი“ და „რუსული სეზანიზმი“.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლეს საჩუქრად ცნობილი რუსი მხატვრის ალექსანდრე ბენუას ნამუშევრები გადაეცა. ამის შესახებ Facebook-გვერდზე მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ დაწერა.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

პარიზის ოპერის სპექტაკლისთვის 1928 წელს ბენუას მიერ შექმნილი სამი ესკიზი საქართველოს მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა შემოწირულობის სახით გადასცა.

კალანდიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენუას ნამუშევრების ფასი მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონზე 20 ათასიდან 200 ათას დოლარამდე მერყეობს. არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლისთვის გადაცემული ნამუშევრები ლონდონში Sotheby's-ის აუქციონზე შეიძინა და 18 მარტს, დილით თბილისში ჩამოიტანა.

მზრუნველთა საბჭოს თავმჯომარემ მუზეუმში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია ხელოვნების სასახლე „ვერცხლის საუკუნის“ მხატვართა ნამუშევრების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი გახდეს.

„ამ მიზნით მუზეუმის მზრუნველთა საბჭო და ფონდი „ფიროსმანი“ ეტაპობრივად თეატრალური ხელოვნების შედევრთა შესყიდვას დაიწყებს. უკვე წარმატებით დასრულდა ბერლინში მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლე ალექსანდრე ბენუას კიდევ 6 ნამუშევარს მიიღებს, მათ შორისაა 1909-1910 წლებში პარიზის „პალე გარნეში“ და „გრანდ ოპერაში“ განხორციელებული დადგმების „ჟიზელის“ და „ამურისა და ფსიხეას ქორწინების“ ესკიზები“, – წერს კალანდია.

ზურაბიშვილმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

ალექსანდრ ბენუა – XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხატვრო კრიტიკოსია. მისი დამკვიდრებულია ტერმინები „ავანგარდი“ და „რუსული სეზანიზმი“. მხატვარი, ხელოვნების ისტორიკოსი, სამხატვრო კრიტიკოსი, „ხელოვნების სამყაროს“ გაერთიანების დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი, ბენუების სამხატვრო დინასტიის წარმომადგენელი წარმოშობით სანქტ-პეტერბურგიდან იყო.

1919 წელს ალექსანდრე ბენუა ერმიტაჟის სამხატვრო გალერეის დირექტორი გახდა, 1926 წელს დატოვა სსრკ და პარიზში ცხოვრობდა, სადაც თეატრალური დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზებზე მუშაობდა. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს ისეთ წამყვან მუზეუმებში, როგორებიცაა ლუვრი, პრადო, ტრეტიაკოვის გალერეა. ბენუა მუშაობდა სერგეი დიაგილევთან, კონსტანტინ სტანისლავსკისთან, ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან.