ეს იარაღი გამოწვევაა შეერთებული შტატებისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სამხედრო–პოლიტიკური გამორჩეულობისთვის.
კონგრესში 16 მარტს გამართულ მოსმენებზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ–ლეიტენანტმა გლენ ვან ჰორკმა განაცხადა, რომ ბირთვული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ საშუალებას აძლევს რუსეთს, „პრაქტიკულად ნებისმიერი ვექტორიდან მიიტანოს შეტევა თავისი საგანგებო სიშორისა და ავტონომიურობის წყალობით“.
ჰორკის აზრით, რუსეთი მუდმივი უშუალო საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის და ამერიკული თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება, რუსეთის ლიდერები კი თითქოს ისწრაფვიან, ჩამოშალონ პლანეტაზე ამერიკული გავლენა, „განამტკიცონ რეგიონული ბატონობა და დაიბრუნონ მსოფლიო ზესახელმწიფოს სტატუსი“.
როგორც ჩანს, მსოფლიო გავლენა და უფლებამოსილების მაღალი სტატუსი მხოლოდ აშშ-სთვისაა ნებადართული, მაგრამ „ხელების გადაგრეხვა“ (ბარაკ ობამას გამონათქვამის მიხედვით) ამ შემთხვევაში არ გამოვა. პირველმა მსოფლიოში რუსეთმა შეიყვანა შეიარაღებაში ჰიპერბგერითი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები „ავანგარდი“, წარმატებით განაგრძობს ტრანსოკეანური ბირთვული ტორპედო „პოსეიდონის“ გამოცდებს და ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტის მოდერნიზებას. ამასთან მოსკოვი ტრადიციულად წარმოაჩენს მზადყოფნას პატიოსანი, თანასწორუფლებიანი, დაბალანსებული დიალოგისთვის კომპრომისის მისაღწევად. სამწუხაროდ, ვაშინგტონი ჯერ მზად არ არის თანაბარ დონეზე საუბრებისთვის.
ამასობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოლოკაციურმა სადგურებმა ერთი კვირის განმავლობაში უცხო სახელმწიფოების კუთვნილი 27 მზვერავი თვითმფრინავი და 14 დრონი აღმოაჩინეს, რომლებიც ძირითადად რუსეთის დასავლეთ საზღვრებს ზვერავდნენ.
მაღალი ტექნოლოგიები
„ბურევესტნიკი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პროექტია. თუმცა ცნობილი მახასიათებლებიდანაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მას ანალოგი არ აქვს.
გაბარიტებით ის რუსეთში მანამდე შექმნილი ფრთოსანი რაკეტების ზომისაა. „სტანდარტულ კორპუსში“ განთავსებულია ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი, რომლის შექმნაზეც მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის მეცნიერები ოცნებობდნენ. პირობითად შეუზღუდავი სიშორე (მინიმალური ზღვარი 130 ათასი კმ) პრინციპულად ახალი სტრატეგიისა და ტაქტიკის აგების საშუალებას იძლევა. ესენია: მოწინააღმდეგეზე ყველაზე ფანტასტიკური ტრანსკონტინენტური ტრაექტორიით შეტევა, ყველა არსებული და პერსპექტიული ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გადალახვა. „ბურევესტნიკის“ საბრძოლო ჭურვის სიმძლავრე მეგატონას აჭარბებს ტროტილის ეკვივალენტში, რაც ნებისმიერი სტრატეგიული სამიზნის განადგურების, მათ შორის, მიწისქვეშა და წყალქვეშა ობიექტების განადგურების გარანტიაა.
„ბურევესტნიკის“ აღმოჩენა და ჩაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. თანამგზავრს შეუძლია „დაინახოს“ მისი სტარტი, რის შემდეგაც რაკეტა უჩინარი ხდება.
პერსპექტივაში მოსალოდნელია საჰაერო და ტურბორეაქტიული ძრავების ინტეგრაცია უფრო მძლავრ ბირთვულ რეაქტორთან — პრინციპულად ახალი თვითმფრინავის შექმნისთვის, რომელიც სტრატოსფეროში ჰიპერბგერითი სიჩქარეებით ფრენას შეძლებს. გლობალური სიშორის ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდების პროგრამაში ორი რუსული პოლიგონია ჩართული — „კაპუსტინ-იარი“ და „ნოვაია-ზემლია“.
უპასუხისმგებლობა დაუსჯელობისგან
მანამდე ამერიკულმა გამოცემა Military Watch-მა რუსული „ბურევესტნიკის“ გამოცდების განახლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც ნატოში კოდური სახელწოდება SSC-X-9 Skyfall მიენიჭა. გამოცემის ცნობით, ახალი რაკეტა ახალ მიწაზე გამოიცდება.
Military Watch ხაზს უსვამს „ბურევესტნიკის“ უნიკალურობას. ბირთვულ რაკეტას სტარტის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია იფრინოს და მოუწყვლადი დარჩეს მოწინააღმდეგის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე პრევენციული შეტევის შემთხვევაშიც კი. ჰაერში ესოდენ დიდხანს გაჩერების უნარი რაკეტას საშუალებას აძლევს, გაანადგუროს მოწინააღმდეგის ობიექტები ნებისმიერი მიმართულებიდან, რისთვისაც თავდაცვაში არსებულ „ხვრელებს“ გამოიყენებს. ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება რუსეთის სხვა სარაკეტო პროგრამებში ახალი მოუწყვლადი სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული რაკეტების ახალი ტიპების შექმნას გახდის შესაძლებელს, რომლებიც გამუდმებით იფრენენ პლანეტის გარშემო „წარმოუდგენელ“ ორბიტებზე. ამიტომაც არ მოსწონთ „ბურევესტნიკი“ პენტაგონელ გენერლებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს