ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებით Lufthansa რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ფრანკფურტი–თბილისის ავიარეისი კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ასევე გაორმაგდება რეგულარული ფრენები მიუნხენის მიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისი–მიუნხენის მიმართულებით ასრულებდა რეგულარულ რეისებს, ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებასაც ამატებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება>>

გერმანული ავიაკომპანია ფრანკფურტი–თბილისი–ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. თურნავას თქმით, უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადების პოტენციელს ხედავენ, ამის ფონზე კი რეგულარული ფრენების სიხშირეები იზრდება.

საქართველო და პოლონეთი საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ

„ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს PCR–ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც, ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ასევე გაიზრდება რეგულარული ფრენები მიუნხენის მიმართულებით. ზაფხულის სანავიგაციო სეზონში ავიაკომპანია მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან ფრენები ყოველდღიურად იგეგმება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განახლდა.

საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა გასული წლის მარტში შეაჩერა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.