უფასოდ მგზავრობა 1,5 საათის განმავლობაში ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი

სატრანსპორტო რეფორმის მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის მეტად ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ დროის მონაკვეთში უფასოდ მგზავრობა ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი. განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მოსწავლეები ლურჯი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში 1,5 საათის განმავლობაში ერთხელ გადახდილი თანხით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური 1 აპრილიდან 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება. ეს არ ეხება ძველ „ყვითელ მარშრუტკებს", რომლებიც, კალაძის განცხადებით, წლის ბოლოს დედაქალაქში უკვე აღარ იმოძრავებენ. ამგვარად, მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა ერთნაირად – 50 თეთრი ეღირება.

„300 ერთეული მიკროავტობუსი უკვე შემოსულია დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობას უკვე ემსახურება. ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე ახალ მიკროავტობუსებში იმუშავებს. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სექტემბერში დედაქალაქს დაახლოებით 700 ახალი მიკროავტობუსი დაემატება. ანუ, თუ აქამდე თბილისს 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მათი რიცხვი 1000-მდე შემცირდება. მაგრამ სატრანსპორტო სქემას დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები, რათა ტრანსპორტმა ქალაქში არსებულ ყველა უბანში იმოძრაოს.

მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 1 აპრილიდან ახალ მიკროავტობუსებზე შეღავათიანი ტარიფიც გავრცელდება.

„ის მოქალაქეები, რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ, ანალოგიურად შეღავათით სარგებლობას შეძლებენ მიკროავტობუსებშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის რეფორმა 2023 წლისთვის დასრულდება და ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას მოიცავს.