მთის კურორტები ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მუშაობენ

ზამთრის კურორტები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მიმდინარე წლის 8 მარტიდან დაუბრუნდნენ, დამსვენებლებს რიგი რეგულაციების დაცვა მოეთხოვებათ.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს ოთხივე მთის კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძსა და მესტიაში საბაგიროები ეპიდემიოლოგიური წესებისა და ნორმების ყველა წესის დაცვით ფუნქციონირებენ, იუწყება საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია. 

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 15 მარტიდან

საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ბადეების საშუალებით მოწყობილია საბაგიროებთან მისასვლელი დერეფნები, სადაც ადამიანთა ნაკადი დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მიერ კონტროლდება. საბაგიროებში ნიღბის გარეშე არც ერთი მომხმარებელი არ დაიშვება.

კომპანიაში უკმაყოფილებას გამოთქვამენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა ადგილებზე არ ხდება რეკომენდაციებისა და წესების დაცვა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამთო კურორტებზე დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური სტანდარტები და რეგულაციები, რაც აუცილებელია კურორტებზე არსებული საბაგიროების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

8 მარტიდან ზამთრის კურორტები გაიხსნა, თუმცა რიგი შეზღუდვების მოქმედება კვლავ გრძელდება. დადგენილი რეგლამენტის თანახმად, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნაა დაშვებული.