პაატა იმნაძე ხვალ პირდაპირ ეთერში პირველი აიცრება

პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მედმუშაკები, რომლებსაც კოვიდპაციენტებთან უშუალო კონტაქტი აქვთ და ვისაც ბოლო 120 დღის განმავლობაში არ გადაუტანიათ კორონავირუსი.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ხვალ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დილის 9 საათზე, პირდაპირ ეთერში აიცრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აცნობა.

როგორ ნაწილდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს ქალაქებზე 

საქართველომ 13 მარტს COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43.200 დოზა. ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 15 მარტს დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

„ხვალ, 9:00 საათზე აქ მოვა ბატონი პაატა იმნაძე და დემონსტრაციულად, პირველი აიცრება ღია ეთერში სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში, და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა ვაქცინაციის პირველ დღეს ელოდება. ამის „მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“.

როგორც პაატა იმნაძემ ორი დღის წინ განაცხადა, მას ყოველდღიურად სულ მცირე ორ ინფიცირებულ პაციენტთან უწევს ურთიერთობა და ამიტომ ის ვაქცინაციას პროტოკოლით ექვემდებარება. 

პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მედმუშაკები, რომლებსაც კოვიდპაციენტებთან უშუალო კონტაქტი აქვთ და ვისაც ბოლო 120 დღის განმავლობაში არ გადაუტანიათ კორონავირუსი.

ცერცვაძის მონაცემებით, ვაქცინაციის მიზნით შაბათს მათ დაწესებულებაში 150 ექიმი დარეგისტრირდა. ცერცვაძე დარწმუნებულია, მიღებული ვაქცინა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება.

კორონავირუსზე ასაცრელად უკვე 1500 მედმუშაკი ჩაეწერა

ქვეყნის მასშტაბით, 14 მარტის მდგომარეობით COVID -19-ზე ვაქცინაციისთვის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ვიზიტი 1449 მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი.

სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი - დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება - 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.