შსს ტელეარხ „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლებს

უწყება აღაშფოთა სიუჟეტებმა, თითქოს პოლიციის თანამშრომლები შეზღუდვების მოქმედების პერიოდში უკანონო საქმიანობას ახორციელებენ
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეეში შეიტანს სარჩელს ოპოზიციური ტელეარხ Formula-ს წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, შსს-ს განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.

საუბარია ტელეარხის ეთერში გასულ რამდენიმე სიუჟეტზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

ფარული აუდიოჩანაწერების საქმე: პროკურატურა „TV პირველში“ შესვლას აპირებს

„აღნიშნული ტელეკომპანია, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის შესუსტებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, ერთ-ერთი სიუჟეტის ავტორი ამტკიცებს, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. თუმცა არც ერთ სიუჟეტში პოლიციელების მიერ კანონის დარღვევის არც ერთი ფაქტის მტკიცებულება არ გაჟღერებულა.

ამიტომ უწყება საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს.