თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა ვთვლი, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
„შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, პირველივე შესაძლებლობისთანავე აიცრება.
„ერთი წელი შესრულდა, რაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე მოვიტანე თავი, რომ არ ვარ ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, მე მიწევს აცრა და რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა 9 სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15-მდე გაიზრდება.