„სინათლე გვირაბის ბოლოს“: ზურაბიშვილი ვაქცინის პირველი პარტიის მოწოდებას გამოეხმაურა

საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება, აქედან ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 13  მარტი – Sputnik. ეს არის „სინათლე გვირაბის ბოლოს“, ასე გამოეხმაურა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ტიკარაძე: აუცილებლად ავიცრები, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის

საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. 15 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს წინ, თუმცა მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და დავძლევთ ამ კრიზისს სოლიდარობის მეშვეობით. ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი.