თბილისი, 12 მარტი – Sputnik. დედაქალაქის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს დაუკანონდა – საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოჯახებს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
კალაძის განცხადებით, აღნიშნული სოციალური პროგრამით 2018 წლიდან დღემდე უკვე 1,5 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ დაიკანონონ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ, დაუკავშირდნენ თავიანთი რაიონის გამგეობებს. ეს იყო ჩემი წინაასაარჩევნო დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.