პასპორტში ქაღალდის სტიკერი ელექტრონული ვიზით შეიცვლება: ევროკომისია კონსულტაციებს იწყებს

ევროკომისია საჯარო კონსულტაციებს იწყებს ქაღალდის სავიზო სტიკერების ელექტრონული ვიზებით შეცვლის თაობაზე
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ევროკომისია კონსულტაციებს იწყებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით, იუწყება ევროპის კომისიის პრესსამსახური.

„ცვლილებები, რომლებიც ახლა განიხილება, გულისხმობს ციფრული ვიზის შემოღებას, რომელიც პასპორტში ქაღალდის სავიზო სტიკერს შეცვლის. ამით ევროკავშირში შესვლის ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, ვიზის მიღებაზე განაცხადი სრულად ონლაინ–რეჟიმში წარადგინოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ასეთი უკონტაქტო პროცედურა დროსა და თანხებს დაუზოგავს არა მარტო მოგზაურობის მსურველებს, არამედ საკონსულო დაწესებულებებსაც.

საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა

ამასთან ელექტრონული ვიზები გაზრდის უსაფრთხოების დონეს ევროკავშირის გარე საზღვრებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციები ელექტრონული ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით 11 მარტს დაიწყო და 3 ივნისამდე გასტანს. ევროკომისია საჯარო კონსულტაციების შედეგებზე საკუთარ წინადადებებს 2021 წლის ბოლომდე წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტი სავიზო პროცედურების სრულ გაციფრულებას 2025 წლამდე გულისხმობს.