რა პირობებია საქართველოს ციხეებში - სახალხო დამცველის ანგარიში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა ზომებმა ყველაზე დიდი გავლენა პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების რეალიზებაზე მოახდინა, ნათქვამია ანგარიშში
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა №10 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგი ჩაატარა და გამოსასწორებელი დაწესებულების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები გამოავლინა, ნათქვამია უწყების ანგარიშში.

№10 დაწესებულება შეიქმნა ყოფილი ქსნის №19 დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად გლდანის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი პატიმრები იმყოფებიან.

საქართველოს ციხეებში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„მივესალმებით დიდი ზომის დაწესებულებების განტვირთვას და პატიმრების უფრო მცირე ზომის დაწესებულებებში გადაყვანას. ამასთანავე, დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ N10 დაწესებულებაში მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან მინიმალური 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, პირობები დამაკმაყოფილებელია, ყველა საკანში არის საშხაპე, რითიც პატიმრებს შეუზღუდავად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ სარგებლობა“, - ნათქვამია უფლებადამცველის ანგარიშში.

 სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დადებითი მომენტების მიუხედავად, გამოსასწორებელ დაწესებულებაში მთელი რიგი პრობლემები არსებობს.

  • „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში იყო 9.143 პატიმარი, რაც საქართველოს მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. პატიმართა საერთო რიცხვიდან 8.810 მამაკაცია და 333 ქალი.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამედიცინო მომსახურების მოცულობა. მონიტორინგმა დაადგინა, რომ პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით პრობლემას წარმოადგენდა სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა, ექიმ–სპეციალისტების კონსულტაციების ხელმიუწვდომლობა, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზები და სამედიცინო კონფიდენციალურობის დაუცველობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხანდაზმული და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, შეფერხებებით ხდებოდა პატიმრების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. მედიკამენტებით მომარაგებასთან ერთად, პრობლემური იყო მედიკამენტების შენახვის პირობებიც.

რამდენი პატიმარია საქართველოში: ბოლო მონაცემები

„ჩვენი შეფასებით, N10 დაწესებულების მართვა, სხვა დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების მსგავსად არ არის ორიენტირებული მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციაზე. დაწესებულებაში არ ტარდება არანაირი სარეაბილიტაციო აქტივობები. პატიმრების ერთადერთი გასართობი არის ტელევიზორი ან/და რადიო“, - იუწყება სახალხო დამცველი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პატიმრები მათთვის საინტერესო აქტივობების გარეშე 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში, რაც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ნორმალიზაციის პრინციპს, არამედ უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც, ხშირ შემთხვევაში, პროტესტის, თვითდაზიანებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება.

  • საქართველოში 11.656 პატიმარზე გათვლილი 13 ციხე ფუნქციონირებს. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, არც ერთი მათგანი არ არის შევსებული.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა ზომებმა ყველაზე დიდი გავლენა პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების რეალიზებაზე მოახდინა. დაწესებულებაში არ არის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნის ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

2020 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გადაეგზავნა სახალხო დამცველის ანგარიში თხოვნით, მიეწოდოს ინფორმაცია ანგარიშში არსებული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების შესახებ.