ქუთაისში მძღოლები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

მსგავს აქციებს ბოლო დროს ავტომფლობელები, ტაქსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები, ქუთაისის გარდა, სხვა ქალაქებშიც მართავენ.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საწვავზე ფასის ზრდამ ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გამოიწვია.

ავტომფლობელები, ტაქსის მძღოლები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები სპორტის სასახლის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ საწვავის ფასებს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.

საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ

მათი თქმით, ისინი უკვე მესამე აქციას მართავენ, რადგან ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. საწვავის ფასი დღითი დღე იზრდება. აქციის მონაწილეები მთავრობას დროულად რეაგირების თხოვნით მიმართავენ.

აქციის მონაწილეები დღეს მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, ხოლო თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პერმანენტულ აქციებზე გადავლენ.

უკვე რამდენიმე კვირაა, საწვავზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში.

აქციების მონაწილეები ხელისუფლებისგან საწვავის ფასზე კონტროლის ხელში აღებას მოითხოვენ. მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში მგზავრობის საფასურის გაზრდა გარდაუვალი იქნება.