თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მოუსვენრობისა და შფოთვის შეგრძნება შესაძლოა მოახლოებული გულის შეტევის ნიშნები იყოს, იუწყება გამოცემა Express დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით.
„ადამიანებს განგაშის მსგავსი ზოგადი შფოთვა ხშირად ერევათ პანიკურ შეტევაში მაშინ, როდესაც ეს შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის წინმსწრები ნიშანი იყოს“, — აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმების თქმით, პანიკური შეტევისა და ინფარქტის მსგავსი სიმპტომებია: პულსის გახშირება, ძლიერი გულისცემა, სისუსტე, თავბრუსხვევა. ადამიანი ამ დროს შეიძლება განიცდიდეს ციებ-ცხელებას, კანკალებდეს, ჰქონდეს გულისრევის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ან მუცლის არეებში.
გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გონებას კარგავს და ვერ აკონტროლებს საკუთარ სხეულს, ან ეჩვენება, რომ იგუდება.
ბრიტანელი მედიკოსების თქმით, აუცილებელია, რომ ასეთი ნიშნების პირველი გამოვლინებისთანავე დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. ექიმების მოსვლამდე კი მდგომარეობა შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ ასპირინით და შეეცადოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
მანამდე MedicalXpress წერდა, როგორ უნდა განვასხვავოთ მოახლოებული ინფარქტისა და პანიკური შეტევების ნიშნები ერთმანეთისგან.
ირკვევა, რომ პანიკური შეტევა 5-დან 20 წუთამდე გრძელდება (იშვიათად — ერთი საათი) და შემდეგ თავისთავად ქრება, ხოლო გულის შეტევის სიმპტომები სამედიცინო დახმარების მიღებამდე არ ლაგდება.
გარდა ამისა, ინფარქტის შემთხვევაში პაციენტი გამაფრთხილებელ ნიშნებს შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე გრძნობს, და ამასთან შეტევა უშუალოდ ფიზიკური აქტივობის დროს იწყება. რაც შეეხება პანიკურ შეტევას, ის ფიზიკური აქტივობისგან დამოუკიდებლად ვითარდება.