„ყოველი დაცემის შემდეგ სწრაფად ვდგები, ტანსაცმელს ვიფერთხავ, გადაყვლეფილ მუხლებს ვისრეს, გვირგვინს ვისწორებ და გზას ვაგრძელებ“ – ამ გზაზე და რთულ დღეებში პატარა სასწაულების რწმენა და კიდევ ყველაფრის გაშარჟება შველის. მერე საკუთარ ფიქრებს საქვეყნოდ „ახმოვანებს“ ხოლმე, რათა ბევრი რამ სხვებსაც გაუადვილოს.
ქრისტინე ცირეკიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ხუთი უცხო ენა იცის. ამჟამად სტამბულში ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის გაყიდვების მენეჯერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. მართალია, ვაჭრობის სფერო მისი შემოქმედებითი ნატურისგან საკმაოდ შორსაა, სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევას მაინც ყოველთვის ახერხებს...
- ქრისტინე, თავიდან გაიხსენეთ, ადრე როგორი იყავით და რა არ შეიცვალა თქვენში?
- ადრე არაპოპულარული გოგო ვიყავი ყოველთვის: მსუქანი + ხუთოსანი + მასწავლებლის შვილი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემი გარეგნობიდან დაწყებული, აზრებით დამთავრებული. უცვლელი დარჩა იმედი და ბავშვური რწმენა. დღეს უკვე ვიცი, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, უბრალოდ, მზის სხივი რთულად აღწევს მჭიდროდ ჩარაზული დარაბების მიღმა. მზად უნდა იყო სიახლეების მისაღებად. გჯეროდეს, რომ სასწაულები ხდება, ბავშვური გულუბრყვილობით გჯეროდეს და აუცილებლად მოხდება.
- საქართველოში რა გზა გაიარეთ და უცხოეთში როდის გადაწყვიტეთ ახალი ცხოვრების დაწყება?
- თბილისში ჯერ თეატრალური უნივერსიტეტი, მერე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურა დავამთავრე ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. ცოტა ხნით გაზეთში „ახალი 7 დღე“ ვმუშაობდი. თეატრალურ დასშიც ვიყავი, პარალელურად გოეთეს უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ქუთაისში მაგისტრატურის შემდეგ დავბრუნდი და მინდოდა მუშაობის დაწყება, სტაჟირებაზეც ვიყავი მერიაში, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი. ხელის წამშველებელი არავინ მყავდა. მივხვდი, რომ ფეხზე მყარად დგომა დამოუკიდებლად უნდა მესწავლა. ამიტომ გადავწყვიტე უცხოეთში მომესინჯა საკუთარი შესაძლებლობები.
- დღეს სტაბულში მუშაობთ, როგორია თქვენ მიერ აღმოჩენილი მსოფლიოს ქალაქი?
- მანამდე გეტყვით, რომ ჩემთვის ეს პირველი ემიგრაცია არ იყო, მანამდე იტალიაში და გერმანიაში ვიყავი. 2017 წლის 16 ივლისს სტამბულის მიწაზე ფეხი დავდგი და მსუბუქი დავბრუსხვევა ვიგრძენი. დავინახე ხალხით სავსე ქუჩები, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი, ზოგი მღეროდა, ზოგიც ცეკვავდა. ახალდაფქულმა ყავის სუნმა ნესტოები ამიწვა. გამყიდველები თავაზიანად იღიმებოდნენ, ცხელ ლავაშებს ატრიალებდა მეპურე... მაშინ გავიფიქრე: ძალიან მომწონხარ, მიმიღე, რა, გთხოვ. თან გახუნებული ოცნებებით სავსე ჩემოდანს მივათრევდი. მან კი პასუხი სამი წლის შემდეგ დამიბრუნა: მიმიღო! მას მერე ყოველდღე ვეცნობი ამ ქალაქს. საპნის ოპერების სტამბულშიც მიხეტიალია, ფამუქის ნაცრისფერი ქუჩებიც შემომივლია და ყოველთვის ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი – რატომ...
- რა მოხდა სანამ ეს ქალაქი მიგიღებდათ და როგორ დაიწყო თქვენი იქაური ცხოვრება?
- ჩემი სტამბულის ცხოვრების დასაწყისად შეიძლება ის დღე ჩაითვალოს, როდესაც მაღაზიის ვიტრინაზე გამოკრული განცხადების – „იძებნება 44 ზომა მანეკენი” – წაკითხვის შემდეგ ერთმა ჯიუტმა ქართველმა ხელი მკრა და ფაქტობრივად იქ ძალით შემაგდო. როცა ოქროსფრად აციმციმებულ დარბაზში აღმოვჩნდი, კაბები მომაზომეს, დამატრიალეს, ერთმანეთს რაღაცა გადაუჩურჩულეს. აი, მაშინ დავიწყე ფიქრი – სახლში მინდა–მეთქი. მოკლედ, ამიყვანეს. მთელი დღე 11-სანტიმეტრიან ქუსლებზე ვიდექი, კაბებს პერიოდულად ვიცვლიდი, არ ვჯდებოდი. მეუბნებოდნენ დაჯექიო, მე ვუარობდი. დღის ბოლოს ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა ყველა კუნთი, ღამით კი ტკივილები არ მაძინებდა. სამსახურიდან გამოსულს მესმოდა ფრაზები: „ახალია, ჯერ არავინ ეყოლება“. მერე სათითაოდ იწყებდა ყველა მეზობელი კომპლიმენტების „შემოპარებას“, რასაც ყვავილებიც მოჰყვებოდა. მე კი მანდილს ვაფრიალებდი და ვყვებოდი ჩვენს ტრადიციებზე, მაგრამ არ ესმოდათ. ასეთ დროს ვბრაზობდი და ვფიქრობდი: მე თქვენ დაგიმტკიცებთ!
- რა ქენით, დაუმტკიცეთ?
- დავუმტკიცე! რადგან დღეს ჩემს ქუჩაზე უკვე ყველამ იცის, რომ ქართველი ქალები არ ჰგვანან არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც უზბეკებს, არც თურქმენებს და არც თვით თურქებს. ერთხელ შემთხვევით უფროსების საუბარი მოვისმინე – სამწლიანი მუშაობის, პოზიციის გამოცვლის, დაწინაურების და ათასი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ უკვე შეიძლება ვენდოთ, ჩვენნაირია, არ ჰგავს დანარჩენ უცხოელებსო. ჩვენს მაღაზიას ძალიან ბევრი უცხოელი კლიენტი ჰყავს – ამერიკა, კანადა, საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა, არაბული ქვეყნები და აფრიკის თითქმის ყველა ქვეყნიდან. მე ღამითაც ვმუშაობდი, მაგრამ ონლაინ-რეჟიმში გართულდა ჩვენი საქმე – ვინ უნდა იყიდოს ამდენი ბრჭყვიალა კაბა ამ კორონას დროს?!
- ვიცი, რომ რამდენიმე ენა იცით, ამ ენებიდან რომელზე გსიამოვნებთ საუბარი?
- ვიცი ინგლისური, გერმანული, იტალიური, რუსული და თურქული. ამდენი ენა შემთხვევით ვიცი, ვთვლი, რომ ძალიან ბევრიც არ არის. აქედან იტალიური ერთადერთი უცხო ენაა, რომელზე საუბარიც ძალიან მსიამოვნებს, ასე მგონია, ვმღერი–მეთქი. იტალიურად ცუდ სიტყვებსაც რომ ამბობენ, ეგეც კი მომწონს. მიყვარს იტალიური კულტურა და ფეხბურთი. ჩემი უფროსები აქ, სტამბულში რუსულად ძალიან კარგად ლაპარაკობენ, კლიენტებს ინგლისურად ველაპარაკები. ძალიან მინდა არაბულიც ვიცოდე, რადგან კლიენტებთან სასაუბროდ მჭირდება. საერთოდ არ მაქვს ხელფასზე პრეტენზია, თანაც ასეთი კრიზისის დროს ეს სრულიად უადგილო იქნებოდა, ვსულდგმულობ „ქებით": „ქრისტინა, რა მაგარი გოგო ხარ!" და ეს მთებს გადამადგმევინებს.
- ალბათ იმედგაცრუების მომენტებიც გაქვთ ხოლმე...
- ერთი ცივი ფრაზა იმედგაცრუებას იწვევს და ჩემში ენთუზიაზმს აქრობს. ჰოდა, ერთხელაც, მახსოვს, ჩავქრი. ასეთ დროს ჩემოდანს ვალაგებ და ინტერნეტში სხვადასხვა მიმართულებით ბილეთებს „ვსერჩავ“ ხოლმე. მიმძაფრდება უცხოობის შეგრძნება და ყელში მეჩხირება ბურთი, რომლის გადაყლაპვასაც ვცდილობ, რომ თვალებიდან ცრემლებად არ იფეთქოს. ასეთ მომენტებში ჩემს ცხოვრებაში ხდება პატარა სასწაულები, სულ პაწაწინები და იმის შეგრძნება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი ცდილობს "მოგიპოვოს", გადაგიბიროს, თავისთან წაგიყვანოს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს გეგმებში სულაც არ შედის), თავდაჯერებულობას მმატებს. ასეთი მომენტები ძალიან მშველის.
- ადრე თქვენ დაწერეთ თეთრი ლექსი „გაქცევასა და სახლში წასვლაზე“, რომელიც ემიგრანტებმა აიტაცეს, ალბათ იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად უცხოეთში მყოფი ქართველი ადამიანის ფიქრების გახმოვანებაა, ისტორიაა უცხოეთში...
- რა გითხრათ... ეს არ იყო ლექსი, უბრალოდ, აზრებს ვაშიშვლებდი. არც მიფიქრია, რომ ვინმეს მოეწონებოდა...
- ყველაზე დიდი სტიმული რა ან ვინ არის თქვენთვის?
- ჩემი შვილი, რომელიც არ მაძლევს ცუდად ყოფნის უფლებას. მისთვის დღემდე დედოფალი ვარ. ჰოდა, ყოველი დაცემის შემდეგ სწრაფად ვდგები, ტანსაცმელს ვიფერთხავ, გადაყვლეფილ მუხლებს ვისრეს, გვირგვინს ვისწორებ და გზას ვაგრძელებ. სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან, ჩემად ქცეულ ამ უცხო ქალაქში როგორ ვახერხებ ვიყო პრობლემებით გადავსებული და მაინც მუდამ მომღიმარი. ალბათ იმიტომ, რომ ამ ასაკშიც კი ღრუბლებში მოხეტიალე და ბავშვივით მეოცნებე ვარ. ნაცრისფერ ყოველდღიურობას დღემდე ოცნებებით ვილამაზებ. ჩემს უხერხულ ტკივილებს თავად დავცინი და ისე მივეჩვიე ყველაფრის გაშარჟებას, რომ ზოგჯერ რეალობა და ილუზია მერევა ერთმანეთში.
- მივხვდი, ახალი ცხოვრების დაწყება არ გაშინებთ, როგორ ფიქრობთ, თქვენი გზა ისევ გაგრძელდება უცხოეთში თუ შინ დაბრუნების დრო დადგა?
- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი. საერთოდ, ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა მინდა, ოღონდ ამ მომენტში ჯერ არ ვიცი, აქ დავრჩები თუ ჩემოდანს ჩავალაგებ და აქედან წავალ. რა მახსენდება, იცით? ერთხელ იტალიაში ყოფნის დროს ვიღაც ქალი წამომეწია და დამტვრეული იტალიურით მკითხა, სად არის ეს ადგილიო. მეც ზუსტად იქ მივდიოდი და მას ჩემთან ერთად წასვლა შევთავაზე. ის ქალი გერმანელი ქიმიკოსი და ქარხნის გენერალური დირექტორი აღმოჩნდა. ერთმანეთს გამოვკითხეთ რაღაცები და ბოლოს ასე მითხრა – იარე, ძალიან ბევრი იარე, ცხოვრებაში არასოდეს გაჩერდე, რადგან არ იცი სად დაიწყება შენი ზღაპარიო. ეს სიტყვები სულ მახსოვს და ახლა სწორედ „მანდ“ ვარ – არ ვიცი გავჩერდე თუ გავაგრძელო გზა ჩემი ზღაპრისკენ...