საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კომენდანტის საათის გადაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ

ორგანიზაციის განცხადებით, კომენდანტის საათის 21:00 საათიდან არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კომენდანტის საათის გაუქმება ან მისი სულ მცირე 2 საათით გადაწევა, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოში 8 მარტიდან კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო: სამთო კურორტებზე მუშაობა განაახლეს საბაგიროებმა; ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა მუშაობა შიდა სივრცეებში დაიწყეს (შაბათ-კვირის გარდა); სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები კი მუშაობას უქმე დღეებშიც შეძლებენ.

კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

„კომენდანტის საათის ამ შინაარსით არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას და შესაბამისად მძიმე ტვირთად აწვება და აუარესებს პანდემიის გამო კომპანიების ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ფინანსურ მდგომარეობას“, - მიაჩნია სოსო ფხაკაძეს.
საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კომენდანტის საათის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება იმისათვის, რომ ბიზნეს სუბიექტებმა თანდათანობით დაიწყონ ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა და შეძლონ იმ ზარალის შემცირება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განიცადეს და დღესაც განიცდიან. აღნიშნული ასევე პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ბიზნეს სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან

„ვიზიარებთ რა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს, ვაცხადებთ, რომ დღეს ბიზნეს სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სრული გახსნა და დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარადგინა.

რესტორატორები: უქმე დღეებში საქმიანობის შეზღუდვა სრულყოფილ მუშაობაში გვიშლის ხელს >>

საქართველოში 1 მარტიდან მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა, ბათუმის რესტორნებმა დაიწყეს შიდა სივრცეში მომხმარებლის მიღება (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

მანამდე კი მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სამთო კურორტებზე ასევე ამუშავდა სასტუმროები.