თბილისი, 9 მარტი — Sputnik. აშშ-ის 12 შტატის ხელისუფლებები პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან იმ ხელმოწერილი ბრძანებულების გამო, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას შეეხება, იუწყება ტელეარხი Fox News.
ტელეარხის ცნობით, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ფედერალური მარეგულირებლებისთვის უფლებამოსილების გაზრდა, რასაც აღნიშნული ბრძნებულება ითვალისწინებს, სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს გამოიწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელს, რომელიც შტატ მისურის გენერალურმა პროკურორმა წამოაყენა, ასევე შეუერთდნენ მისი კოლეგები არკანზასიდან, არიზონიდან, ინდიანიდან, კანზასიდან, მონტანიდან, ნებრასკიდან, ოჰაიოდან, ოკლაჰომიდან, სამხრეთ კაროლინიდან, ტენესიდან და იუტიდან.
შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ ბრძანებულების ტექსტის თანახმად, ფედერალურ ხელისუფლებებს შეუძლიათ დაამტკიცონ სათბური გაზების საზოგადოებრივი დანახარჯები, რაც მერე ფედერალური მარეგულირებლისთვის ახალი ნორმების შემოღების ან მათი შეცვლის საფუძვლად იქცევა. ეს კი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს დამატებით ფინანსურ ტვირთად დააწვება. მოსარჩეელებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არღვევს ხელისუფლების განაწილების პრინციპს.
ამასთან სარჩელში აღინიშნება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფის შუალედური გამოთვლებით, ამგვარი საზოგადოებრივი დანახარჯების რაოდენობა 9,5 ტრილიონ დოლარს აღწევს.
„რეალურად ეს უზარმაზარი რიცხვი გამოყენებული იქნება ფედერალური მარეგულირებლების უფლებამოსილების გასაფართოებლად, რომლებიც ამერიკელების ცხოვრების თითოეულ ასპექტში ჩაერევიან — დაწყებული მათი მანქანებითა და მაცივრებით, კვების პროდუქტებითა და ელექტროენერგიაზე გადასახადებით“, — ციტირებს ტელეარხი ამონარიდს სარჩელიდან.
ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველსავე დღეს მოწერა ხელი ბრძანებულებას, რომლის ძალითაც აშშ პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დააბრუნა. აღნიშნული შეთანხმება სათბური გაზების რადიკალურ შემცირებას ითვალისწინებს. მანამდე, 2018 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ეს დოკუმენტი ამერიკის ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა.