ღამის გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება: რა საკითხები განიხილეს საკოორდინაციო საბჭოზე

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

რესტორატორები: უქმე დღეებში საქმიანობის შეზღუდვა სრულყოფილ მუშაობაში გვიშლის ხელს>>

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

მთავრობის განცხადების თანახმად, კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „კომენდანტის საათი", ასევე დახურულ და ღია საზოგადოებრივ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზეც, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, სამთო კურორტებზე განახლდა საბაგიროების მუშაობა; შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს რესტორნებმა (უქმე დღეების გარდა); ასევე დასაშვები გახდა არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობებისთვის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 273.137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 267.015 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3.601 პაციენტი.