ვაქცინაცია, ნიღბების რეჟიმი და სიკვდილიანობა: ცერცვაძემ ყველაზე აქტუალურ კითხვებს უპასუხა

საქართველოს მთავარი ინფექციონისტის თქმით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები დაირღვევა, ქვეყანა დაიღუპება
Sputnik

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს მოსახლეობამ პირბადეების გამოყენებას მოუკლო - ნიღბების ტარების პროცენტული მაჩვენებელი 60%-მდე ჩამოვიდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება - ქვეყანას ეპიდემიოლოგიური კატასტროფა ელოდება. განსაკუთრებით სახიფათოა ეს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე, აღნიშნა მან.

„როცა მეკითხებიან, ხომ არ გამოიწვევეს შეზღუდვების მოხსნა ინფექციის მატების ახალ ტალღას, ვეუბნები, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. თუ ევროპის ქვეყნები ელოდებიან მესამე ტალღას და ამერიკა მეოთხე ტალღას, ჩვენც ხომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვცხოვრობთ და ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ თუ ჩვენთვის კარგ პერიოდში 72% იყო პირბადეების ტარება, რაც ასევე არ არის დიდი, იმიტომ რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია, 72%-ის შემდეგ იყო 62% და გუშინ მაცნობეს, რომ 62%-იც აღარ არის, უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა პირბადეების გამოყენება - ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა უპასუხა ასევე კითხვას საქართველოსთვის სიკვდილიანობის მაღალ ყოველდღიურ მაჩვენებელზე - დღეში დაახლოებით 10 გარდაცვლილი. ცერცვაძის თქმით, საკითხის ასე დასმა შეცდომაა და რეალურ სურათს არ ასახავს.

„როცა მწირი ეკონომიკის, სუსტი ჯანდაცვის სისტემისა და ათასი სხვა პრობლემის მქონე საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჰქონდეს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილიანობის პროცენტი, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პაციენტთა ნაკადები წარმატებულად არ იმართება?! მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებულია. როცა ჩვენ ოპონენტებს ამ ციფრებს ვუდებთ, მათი ერთადერთი არგუმენტია, თუ როგორ ვბედავთ გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან და ისრაელთან შედარებას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ესენი რომ გაცილებით ძლიერი ქვეყნები არიან და ძირითადი პარამეტრებით, მათ შორის სიკვდილიანობის შემთხვევებით, ჩვენ რომ მაინც უკეთესი შედეგები გვაქვს, ეს ჩვენთვის დასაძრახია თუ პირიქით, უფრო დასაფასებელია?!“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კოვიდგადატანილთა რეალურ რაოდენობას დაადგენენ

მან არაგულწრფელი უწოდა ქართული კერძო კომპანიების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მათ ვაქცინის სახელმწიფო სექტორზე ადრე შემოტანის რეალური შანსი აქვთ და წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მომწოდებლებთან.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ვაქცინების წამყვანი მსოფლიო მწარმოებლები ვაქცინას კერძო სექტორს არ აწვდიან. ეს კი ერთი მარტივი მიზეზით ხდება - ვაქცინა არასაკმარისია.

მისი თქმით, როდესაც დეფიციტი აღარ იარსებებს, ვაქცინების ბაზარი გაიხსნება კერძო შემომტანებისთვისაც, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.