თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ტიტების მომცრო თაიგული ან ძვირფასი ვარდების დიდი კალათა - ყვავილები დიდი ხანია 8 მარტის განუყოფელ ატრიბუტად იქცა.
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... >>
ქალთა საერთაშორისო დღისთვის ყვავილებზე მოთხოვნა რამდენჯერმე იზრდება, მოთხოვნასთან ერთად იზრდება ფასებიც.
„წელს 8 მარტისთვის განსაკუთრებული მოთხოვნაა წითელ ვარდებზე და წინწკალებზე. არის შეკვეთები, სადაც ეგზოტიკური თაიგულების გაკეთებას ან იშვიათად ლურჯ ვარდებს ითხოვენ. საშუალოდ, ერთ ვარდს 5 ლარად შეიძენთ, საშუალო სადა თაიგული მომხმარებელს 80 ლარი დაუჯდება“, - უამბეს Sputnik-საქართველოს თბილისის ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში.
არსებობს მდიდრული თაიგულებიც, რომელთა შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. ასეთი თაიგულების ფასი იწყება 60 ლარიდან და 900 ლარს აღწევს. შროშანების დიდი კოლოფი 330 ლარი დაჯდება.
კონსულტანტის თქმით, საქართველოსთვის მაღალი ფასების მიუხედავად, მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას, ლამაზი შეფუთვით მიიღებს. ამაში ისინი ხედავენ თავიანთ უპირატესობას ქუჩაში მდგომ ყვავილებით მოვაჭრეებთან შედარებით.
ბუნებრივია, სპეციალიზებულ მაღაზიაში ყვავილების შესაძენად ძირითადად შეძლებული მოქალაქეები შედიან, რომლებსაც ადრესატის გაკვირვება ეგზოტიკური და იშვიათი თაიგულებით სურთ.
ხოლო ვინც ყვავილებს ბაზარში ან მეტროსთან შეიძენს, მას ვარდების საშუალო თაიგული 15-20 ლარი დაუჯდება. მოკრძალებული ბიუჯეტის შემთხვევაში შეიძლება 3-4 ლარად იების ან ყოჩივარდების პატარა თაიგულის შეძენა.
ბოლო წლებში მოდური გახდა ქოთნის ყვავილების ჩუქება. თუმცა ისინიც წყლის ლარნაკში ჩადებულ ყვავილებთან შედარებით არც ისე დიდ ხანს ძლებენ. ასეთი საჩუქრის ფასი 5-10 ლარიდან იწყება.