ოპოზიცია სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებაზე უარს ამბობს

ოპოზიცია საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს, მაგრამ ფიქრობს, როგორ შეამსუბუქოს რადიკალიზმი, რათა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი არ დაზარალდეს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ოპოზიცია უარს ამბობს ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაზე, ხოლო მშვიდობიანი აქციები მანიფესტაციებისა და ავტომობილების მსვლელობის სახით გაგრძელდება. ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

გეგმები არ შეიცვლება: ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს>>

ძალაში რჩება 13 მარტს ჩანიშნული აქცია (შემაჯამებელი საპროტესტო აქცია პარლამენტთან). შემდგომი ტაქტიკის დანარჩენ დეტალებს ოპოზიციონერი ლიდერები დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ.

„ჩვენგან ელიან მეტ პატრიოტიზმს“: საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა

„იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე პროვოკაცია, მივიღეთ ასეთი ზომა – დავგეგმოთ ისეთი აქციები, რომ რაც შეიძლება ნაკლებ კონტაქტში შევიდეთ პოლიციასთან და ხელისუფლებასთან. თუ ადრე ვფიქრობდით პიკეტირებაზე... გადავალთ მანიფესტაციაზე ტრანსპარანტებით, ქუჩაში ავტომობილებით მოძრაობაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას თქმით, აგრესიულობას მოკლებული ტაქტიკის შემთხვევაში მმართველი პარტია იძულებული იქნება, მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

მისი განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნება პროტესტის ისეთი ფორმების მოძებნას, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ სამართალდამცველ ორგანოებთან და ხელისუფლებას არ მიეცეს საბაბი, რომ გუშინდელი რიტორიკა კვლავ გაიმეოროს.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა>>

„მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება იძულებული გახდება, წავიდეს მოლაპარაკებებზე, რათა დაძლეულ იქნას ის პრობლემები, რომელიც დღეს ასე ღრმად არის საქართველოს სინამდვილეში“, – განაცხადა დამენიამ.

ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში „წითელ ხაზს“ ასახელებს

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დათანხმდება. ნიკა მელიას გათავისუფლება კი დამოკიდებულია იმაზე, გადაიხდიან თუ არა მისი ოჯახის წევრები ან მომხრეები 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება კანონის აღსრულებაში ვერ ჩაერევა.

ახლა მხარეებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ორი კვირა აქვთ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორ კვირაში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საკითხზე საბჭოს სხდომა გაიმართება და იქ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ.