„საქართველო მეღვინეობის აკვანი" – სეულში გამოფენა გაიმართება

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება
Sputnik

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, კორეის ფონდის გალერეაში 2021 წლის 3 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ქართული ღვინო ექსპერტმა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ხუთეულში დაასახელა>>

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო–ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების რვაათასწლიან უწყვეტ ტრადიციას.

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე პროფესიონალები იზრუნებენ

ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება კორეაში საქართველოს საელჩოს, კორეის ფონდის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამხრეთ კორეა მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია.

2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს.

„გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

უწყების განცხადებით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება.