თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ქობულეთის N2 საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო სააღმზრდელო პროცესი დღეს ვერ განახლდა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველოს მასშტაბით 1 მარტიდან საბავშვო ბაღებში აღდგა სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.
საქართველოს მთავრობამ კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლების გამო შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გეგმა გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში გეგმური შემოწმების ფარგლებში 596 ბაღის თანამშრომელს PCR კვლევა ჩაუტარდა, აქედან კოვიდ-ინფექცია მხოლოდ ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა. ინფიცირების ფაქტსა და სააღმზრდელო პროცესის დროებით გადავადებასთან დაკავშირებით N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს ინფორმაცია დროულად მიაწოდეს.
რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან საქართველოში>>
რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ 28 საბავშვო ბაღს, ყველა მათგანში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა.