საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ბრიტანული შტამი არ გამოირჩევა  სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს
Sputnik

თბილისი, 24 თებრვალი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული და მათთან 31 ადამიანია დაკავშირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

რა საშიშროება მოაქვს „ბრიტანულ შტამს“ - მეცნიერები განმარტავენ

დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და მოსახლეობის მიერ საკარანტინო ზომების მკაცრად დაცვას მოითხოვდა.

გამყრელიძის განცხადებით, ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.

„სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მტკიცებულებები, რომ ბრიტანული  შტამი უფრო მომაკვდინებელია ან უფრო ხშირად იწვევს COVID-19-ის მძიმე ფორმას, მეცნიერებს არ გამოუვლენიათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა ქვეყანამ მაინც შეაჩერა ავიამიმოსვლა ბრიტანეთთან.