„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათი თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობა ადგილობრივებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
Sputnik

 

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. მდინარე რიონზე  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისი–ცაგერის საავტომობილო გზა გადაკეტეს და მჯდომარე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.

სოფელ ნამოხვანის მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების საპროტესტო აქცია რიონის ხეობაში ოთხი თვეა გრძელდება – აქციის მონაწილეებმა გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მიაღწიეს, თუმცა, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მშენებლობა კვლავ განახლდა. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იარაღი და ხელკეტები ამოიღეს

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიწვია.

კომპანია ENKA–ს განცხადების თანახმად,  დღეს იწყება ჰესის დერივაციული გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

„სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მიღებული ზომები ითვალისწინებს სოფელ ნამოხვანში ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვას მოკლე დროით. ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება ექნება მხოლოდ მშენებლობაში ჩართულ ტექნიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეების თქმით, რომლებიც მშენებლობას თითქმის 120 დღეა აპროტესტებენ, პოლიციამ მათი მანქანები არ მიუშვა კარვებთან, რომლებიც მშენებლობის ზონის ახლოსაა გაშლილი. 

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ

 „გზაზე პოლიციელები დგანან და მარტო ჩვენს მანქანებს არ უშვებენ. როდესაც ჩვენ მიზეზს ვეკითხებით, ისინი პასუხს არ გვცემენ. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ დღეს ნამოხვანის ჩანჩქერის  აფეთქება იგეგმება“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ვარლამ გოლეთიანმა.

აქტივისტებისა და ადგილობრივების განმარტებით, ისინი მჯდომარე აქციას იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე მათ მათქანებს კარვებამდე მისვლის საშუალებას არ მისცემენ.

ინვესტორის პოზიცია

კომპანია ENKA მიიჩნევს, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, რამდენადაც ისინი უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ „ნამახვანის კასკადი“ რიონის ხეობის მოსახლეობას და ბუნებას საფრთხეს უქმნის.

 „კომპანიას არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა განახლდა: ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე „მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.

 „პროექტის რეალიზაციისთვის წინააღმდეგობა დაუშვებელია და მისმა გაჩერებამ შეიძლება ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც კასკადის წლიური გამომუშავება ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 12%-ს შეადგენს.