თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო ავტომსვლელობა გაიმართა

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, ამ დრომდე არ მუშაობენ დახურული რესტორნები, სპორტდარბაზები, აუზები, ზამთრის კურორტები, არ ტარდება გასართობი ღონისძიებები, დაკეტილია თეატრები და კინოთეატრები.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. მოძრაობა „სოცაფეთქების“ წევრებმა  კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

„აღადგინეთ საქალაქთაშორისო მოძრაობა!“ – სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს >>

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ სამთო-სათხილამურო სფეროს წარმომადგენლები, სატრანსპორტო კომპანიები და ტუროპერატორები,  რიყის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც პირველი რესპუბლიკის მოედნამდე მანქანებით მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეყნის ნაწილობრივი გახსნა საკმარისი არ არის და შეზღუდვები სრულად უნდა მოიხსნას.

თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო ავტომსვლელობა გაიმართა

„მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გაიხსნას ყველა სფერო. ჩვენ მზად ვართ მკაცრი რეგულაციებისთვის. ყოველი დაკარგული დღე ყოველი სფეროსთვის არის დაღუპული. ჩვენი სამოქმედო გეგმაა, მაქსიმუმ მივაწოდოთ მთავრობას ინფორმაცია, გაიგონ, რომ სასწრაფოდ გახსნან პირველ რიგში ზამთრის კურორტები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს >>

ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა. შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობენ კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. 1 მარტამდე მუშაობას არ განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ამას გარდა, ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.