ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი წევრი იქნება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ნაცვლად ირაკლი ქარსელაძე იქნება, ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყევლასთვის მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. მმართველმა პარტიამ გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს?

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს დღის ბოლომდე წარედგინება. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.