ნიკა მელია: გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯი დასაფასებელია

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. გიორგი გახარიამ პოსტის დატოვებით პრაქტიკულად აღიარა, რომ იგეგმებოდა ძალადობა და ამ კუთხით მისი ნაბიჯი,  დასაფასებელია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. 

„ქართულ ოცნებაში“ გახარიას გადადგომის მიზეზები განმარტეს

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთავის მოულოდნელად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 

მელიას განმარტებით, ახლა მთავარია, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ შეხვედრა გაიმართოს.

„ახლა აუცილებელია მოქმედების ახალ ეტაპზე გადასვლა. ოპოზიციური სპექტრი ვითხოვთ  უმოკლეს ვადაში მმართველ ძალასთან შეხვედრას  ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით, რომელზეც მხოლოდ ერთადერთ საკითხზე  –  არჩევნების დანიშვნაზე ვისაუბრებთ... მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება და მას ჩანიშნავს ის ხელისუფლება, რომელიც არის მართვის სათავეებთან“, – განაცხადა მელიამ.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ნაცმოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. თითქმის 2,5 თვეა ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. 

პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

როგორც მელიამ განმარტა, არჩევნების დანიშვნა „ოპოზიციური ერთობის“ მოთხოვნილებაა. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს „ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დასრულებას“.

გუშინ  თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, რომლის აღსრულება  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შსს–მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

რა ბრალდებას უყენებენ მელიას

ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.