თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. თბილისში მუნიციპალური ავტობუსის რამდენიმე მარშრუტი შეიცვალა, ხოლო მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა, ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლები 22 თებერვლიდან გადაადგილებას ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეძლებენ. ასევე ქალაქში დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს.
უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად გაუქმდა N61 ავტობუსი და მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს. ის მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან დაიწყებს და ბაგების დასახლებაში წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ დასრულებს. ამასთან N345 ავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
ასევე ახალი მოდელებით ჩანაცვლდა N32 და N94 ავტობუსები. ახალი N32 ავტობუსი გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რომელიც გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად ვასაძისა და ქერჩის ქუჩებით იმოძრავებს.
რაც შეეხება N94 ავტობუსს, ის ზღვის უბნიდან დიდუბემდე მიმავალ მგზავრებს მოემსახურება, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელი) გადაადგილდებიან.
22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში 572 ახალი ავტობუსი მოემსახურება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე.
სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა განაახლა. თუმცა შაბათ-კვირის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.
თბილისში 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე ემსახურება.