„ზემო ლარსზე“ 2 ათასზე მეტი სატვირთო დაგროვდა

ქართული მხარე ტრაილერებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო არ ატარებს.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (რუსეთის მხრიდან) 2 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი გზის გახსნას ელოდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

რა შეზღუდვები რჩება საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

გაზრდილი ზვავსაშიშროების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა მესამე დღეა აკრძალულია.

როგორც რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო საკითხების ატაშე არამ ტანანიანი აცხადებს, „ზემო ლარსზე“ ამჟამად თოვს, ძლიერი ქარია, სატვირთოები თოვლით დაიფარა. მან აღნიშნა, რომ ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

ადრე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება კვლავ მაღალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.