თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. აჭარის პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა საკუთარი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. გარდაცვლილი გოგონას ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს თავი მოიკლა 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 23 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
რაც შეეხება გარდაცვლილი გოგონას ბაბუას, მის მიმართ გამოძიება ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტებით, ასევე 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
არასრულწლოვნის თვითმკვლელობა ქობულეთში: ცნობილი ხდება ახალი დეტალები>>
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალგაზრდა მამაკაცი, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.