საქართველოს პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს მოუხსნის

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა, ივლისში კი დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერა.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას იწყებს.

არჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი>>

პარასკევს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიმართა პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება პროკურორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.

სკანდალი ნიკა მელიას ირგვლივ გრძელდება: ოპოზიციის და ხელისუფლების თვალსაზრისი

„ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა – კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს. შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

პარლამენტი ნებართვას კომიტეტებზე განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასცემს და ეს პროცედურა არ გულისხმობს მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას.

„ამის შემდეგ მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება, დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ საკუთარი პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა: რა ელის ნიკა მელიას

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.