ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა

პარტია ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დატოვა, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება თავისი ადგილის მომავალი თაობისთვის დათმობის სურვილით ახსნა
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძაობა თავისუფლებისთვის“ რიგები დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები როგორც მმართველობის ცენტრალურ რგოლში, ისე რეგიონებში.

პარტიული გადანაწილება საქართველოში: ოპოზიცია „გადატვირთვას“ იწყებს

„თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით) გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას“, – დაწერა ჭიაბერაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, ის გამოცდილება, რომელიც მას 17-წლიანი საჯარო მოღვაწეობის დროს დაუგროვდა, ეკუთვნის ქვეყანას, რომლის მსახურებაც მისთვის დიდი პატივია.

„წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას“, – წერს ჭიაბერაშვილი.

ელენე ხოშტარია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის>>

ზურაბ ჭიაბერაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა.

ჭიაბერაშვილს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004–2005 წლებში ჭიაბერაშვილი თბილისის მერი იყო.

ჭიაბერაშვილმა „ნაცმოძრაობა“ 2017 წელს დატოვა და სხვა ლიდერებთან ერთად „ევროპული საქართველო“ დააფუძნა.

მასმედია: ბაქრაძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიდიდით მეორე ოპოზიციური პარტიაა. ის 1999 წელს პოლიტიკოს გიგი წერეთლის მამამ, ნუგზარ წერეთელმა დააარსა, თუმცა 2016 წლამდე, სანამ ამ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ლიდერები არ გადავიდნენ, არ აქტიურობდა. მოდერნიზებული „ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია 2017 წლის იანვარში გაიმართა.

არსებობის განმავლობაში პარტიაში სერიოზული ტრანსფორმაცია არ ყოფილა. მას 2017 წელს მხოლოდ თბილისის ყოფილი მერი, „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი გიგი უგულავა შეუერთდა – პატიმრობის შემდეგ. ის სასჯელს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის იხდიდა.

პარტიამ მონაწილეობა მიიღო სამ არჩევნებში და სამივეჯერ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.

პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა>>

გასული წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხუთი მანდატის მიღება შეძლო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილმა პარტიის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარი თქვეს.