თბილისი 9 თებერვალი — Sputnik. ბევრმა მსხვილმა წარმოებამ გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განაცხადა „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ელექტროენერგიის გაზრდილსა და ძველ ტარიფს შორის სხვაობის ნახევარს 20 დარგს უფარავს.
სუბსიდიის მისაღებად კომპანიებს განაცხადის შევსება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.registration.gov.ge. 27 იანვრამდე უნდა მოესწროთ.
დოლიძის თმით, პურის მწარმოებლების უმეტესობამ ელექტროენერგიის გადასახადი ახალი გაზრდილი ტარიფით მიიღო.
„12 იანვარს სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, რათა ნაწილობრივ დასუბსიდირებულიყო ელექტროენერგიის საფასური მწარმოებლებისთვის. იცით, რომ 11 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგიის საფასური და დაახლოებით 5-თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ პურის მწარმოებლებს, რომ არ გაეძვირებინათ პროდუქცია“, - განაცხადა დოლიძემ.
მან აღნიშნა, რომ ტარიფის ზრდა პირდაპირ აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე, მით უმეტეს, რომ ყოველდღიურად ძვირდება საფუარი, ცხიმი და მარილი.
„აპრილამდე პურის ფასი არ შეიცვლება, ჩვენ სახელმწიფოს პირობა მივეცით და ეს პირობა უნდა შევასრულოთ, მაგრამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე და დააწვება წარმოებას. ასევე გეტყვით, დღეს რომ ფქვილის სუბსიდირებას არ ახორციელებდეს სახელმწიფო, 20-25 თეთრით იქნებოდა პურზე ფასი გაზრდილი“, განაცხადა დოლიძემ.
პურპროდუქტების მწარმოებლებმა თხოვნით მიმართეს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებს, რომ პორტალი კიდევ ერთი კვირით გახსნას, რათა განაცხადის გაკეთება ყველა მწარმოებელმა შეძლოს.
საქართველოს მთავრობამ იანვრის ბოლოს 50 კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილის ტომრის სუბსიდიის 10-დან 15 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რათა პურზე ფასების ზრდა არ დაეშვა.
სუბსიდირების პროგრამა დეკემბერში დაიწყო და ოთხ თვეზეა გათვლილი. წისქვილკომბინატებისთვის ფიქსირებული ფასია დადგენილი - 50 კილოგრამიან პირველი ხარისხის ფქვილის ტომარაზე 53 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატებს, რომლებიც ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს პურის ქარხნებს 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობა სუბსიდიას მისცემს.
ხორბლის ფქვილის დასასუბსიდირებლად მთავრობა სულ 10 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.