ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცოფის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადება ამჯერად ძაღლს გამოუვლინდა. ინფიცირების წყარო კი ისევ ტურაა, რომელმაც სოფლებში მოსიარულე მიუსაფარი ძაღლი დაკბინა.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. სოფელ ჯიხანჯურის შემდეგ ქობულეთში ცოფის შემთხვევები კიდევ ორ სოფელში -ცხრაფონასა და წყავროკაში დაფიქსირდა, იუწყება პირველი არხი.

სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ  დაფიქსირდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დაინფიცირებული ცხოველის კბენის შედეგად სამი ძროხა მოკვდა. ისინი ვარაუდობენ, რომ დაავადების გადამტანია სოფელში შეპარული ტურაა.

ქობულეთში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა: ერთ-ერთ სოფელში კარანტინი დაწესდა

დაავადება ცხრაფონასა და წყავროკაში ამჯერად ძაღლს გამოუვლინდა. ინფიცირების წყარო კი ისევ ტურაა, რომელმაც სოფლებში მოსიარულე მაწანწალა ძაღლი დაკბინა.

მომკვდარი ძაღლის შესახებ ადგილობრივებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობეს. ცოფი ცხოველს შესაბამისი კვლევების შემდეგ დაუდასტურდა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ორივე სოფელში ორთვიანი კარანტინი დაწესდება.

შემთხვევის ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში აიცრება ყველა შინაური ცხოველი. კარანტინის პერიოდში იკრძალება შინაური ცხოველების გარეთ გაშვება, ასევე ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია.

„შესაბამისი აქტი გამოცემულია, კარანტინი არ გულისხმობს ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია“, – აცხადებს ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე.

საქართველოში შინაური ცხოველების ვაქცინაცია ცოფზე მიმდინარეობს

ცოფის ადამიანზე გადასვლის შემთხვევა ინფიცირების ზონებში არ დაფიქსირებულა.

საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უკეთდება.

ცოფი - სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.