მეუფე ნიკოლოზი მზადაა კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრას

ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა ეპიდემიას ვერ მოერევა და ვირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს. ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც ეპიდემილოგების თქმით, უნდა დაითრგუნოს
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთოს, იუწყება „რუსთავი 2“.

„დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა“ – მოსახლეობის 60% ვაქცინაციისთვის მზად არის

როგორც თვითონ სასულიერო პირმა აღნიშნა, პირადად მან ბევრ სპეციალისტთან გაიარა კონსულტაცია, სჭირდება თუ არა მას ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე კორონავირუსზე აცრა.

„მე თვითონ მაინცდამაინც მოტივირებული არ ვარ, თუმცა რომ მოიტანოს ვიღაცამ ვაქცინა და მითხრას, რომ ახლა ყველას დასანახად ავიცრა, იმიტომ რომ ხალხს შიში მოეხსნას, ამ წუთას ავიწევ სახელოს და ავაცრევინებ უპრობლემოდ. სხვისი გულისთვის თანახმა ვარ რომ ავიცრა, მე თვითონ მაინცდამაინც არ მჭირდება ეს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება იმას, იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხზე, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ  ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ამიტომ, სინოდი ამაზე ვერ იმსჯელებს.

„ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რაიმე საღვთისმეტყველო რაღაც მხარე აქვს ამას, მე მაგალითად, ვერ ვხედავ აქ საღვთისმეტყველო მსჯელობის საგანს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორ ჩატარდება საქართველოში ექიმების ვაქცინაცია: ახალი დეტალები

საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელიც ვაქცინის ჩატარებას არ აპირებენ. ეპიდემიოლოგები ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია. ცოტა ხანში ქვეყანაში დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ვაქცინაციის და მისი აუცილებლობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას გააცნობენ.

საქართველომ მიიღო დასტური COVAX  პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას. ეს იქნება 29 250 დოზა. იქიდან გამომდინარე, რომ ის ორჯერ კეთდება, ეს რაოდენობა დაახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა. იმუნიზაციის გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე მედიცინის მუშაკები აიცრებიან.

რამდენ დოზა ვაქცინას გამოუყოფს საქართველოს COVAX–პლატფორმა?

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა, რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?", გამოკითხულთა 41%-მა დადებითი პასუხი გასცა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის მონაცემებით, წინასწარი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 50-60% მზადყოფნას გამოთქვამს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითი და უფასო იქნება.