თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი – ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. თანხის აღების შემდეგ კი წყვეტდნენ მათთან კავშირს.
არსებული ინფორმაციით, ზ.ჩ.-მ და ნ.ჯ.-მ მთლიანობაში დაახლოებით 145 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოსტყუეს მოქალაქეებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.