პრემიერი: ნებისმიერი ორგანიზაცია წესების მიზანმიმართულად დარღვევისთვის უმკაცრესად დაისჯება

კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ყველა ორგანიზაციის პასუხისმგებლობას, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ვეღარ მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

სარესტორნო ბიზნესის განცხადებებს დაუმორჩილებლობაზე მთავრობიდან უპასუხეს>>

1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა. სამ დიდ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. ყველა დანარჩენი კოვიდ-შეზღუდვა, მათ შორის, ტრანსპორტის, ბაზრების, სკოლების, რესტორნების, ფიტნეს–დარბაზებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის განახლებაზე აკრძალვა 1 მარტამდე ძალაში რჩებოდა.

15 თებერვლიდან რესტორნები საქმიანობას განაახლებენ

გამონაკლისი გახდა აჭარა, სადაც შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, ღია რესტორნებსა და კაფეებსაც შეეხო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიზნესის ამ სექტორის სხვა რეგიონების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

3 თებერვალს დაახლოებით 200-მა რესტორანმა, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ–შეზღუდვების პროტესტის ნიშნად, 6 თებერვლიდან ობიექტების თვითნებურად გახსნისა და მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას შედეგად უმკაცრესი დასჯა მოჰყვება.

„გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ისინი მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ვერც ერთ ღონისძიებაში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ყველა სახის ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. მისი თქმით, შემსუბუქების პარალელურად საჭიროა არსებული წესების გამკაცრებაც.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება

„პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გაორმაგდება. თანამედროვე მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ ვერ შექმნა ვერაფერი უფრო ეფექტური, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და ვაქცინაცია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ 15 თებერვლიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები და რესტორნები საქმიანობას ღია სივრცეში განაახლებენ,

„15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში მუშაობის დაწყებას. თუმცა, შეზღუდვები დარჩება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების საკითხს შემდეგი კვირის ბოლოს განვიხილავთ“, – განაცხადა გახარიამ.

8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები იხსნება

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი სანქციები ამოქმედდება. ამ შემთხვევაში წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები ფიზიკური პირის 2.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10.000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.