როგორ გამოიძიებს საპარლამენტო კომისია არჩევნებზე მომხდარ დარღვევებს

ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ კომისიის მუშაობაში იმ პარტიების მონაწილეობას, რომელთა წარმომადგენლებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ქმნის საგამოძიებო კომისიას საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების გამოსავლენად, მაგრამ ვინ იმუშავებს იქ, ჯერჯერობით უცნობია.

დღეისათვის ოპოზიციას პარლამენტში წარმოადგენს ორი პარტია - „მოქალაქეები“ და არჩევნების შემდგომ შექმნილი პარტია „ევროპელი სოციალისტები“. უკანასკნელი შექმნა ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც დატოვეს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში მანდატებზე უარი განაცხადა. დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ.

ხელისუფლების წინადადება

საგამოძიებო კომისიის შექმნა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დაპირებაა. პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შედეგებში 1%-იანი სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, თავად კი პოლიტიკიდან საერთოდ წავა.

კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეაფასა

„თუ დავუშვებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, 1%-იანი სხვაობის დადგენა ძალიან ადვილი უნდა იყოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კომისია არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას მოხსნის.

მისი თქმით, კამერებზე დაფიქსირებული ურნაში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტების და სხვა დარღვევების გამო იქმნება საგამოძიებო კომისია და ის თითოეულ ფაქტს გამოიძიებს. ხოლო რათა ეს ზედაპირულად არ მოხდეს, მან ოპოზიციას პარლამენტში შესვლისა და კომისიის მუშაობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ბუნტი

სანამ მმართველი პარტია ცდილობს დაითანხმოს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შიგნით ბუნტი მოაწყვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა

„საგამოძიებო კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3800 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჰყავდა: „პატრიოტთა ალიანსი", „ნაციონალური მოძრაობა" და მეორე „ნაციონალური მოძრაობა" - ბოკერიას პარტია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, კომისიაში ამ სამი პარტიის წარმომადგენლების გარეშე „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ოპოზიციის პასუხი

ოპოზიციური პარტიები კი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის თქმით, მთელი ამ ხნის მანძილზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და მისი გუნდი ოქმების გადასწორებით იყვნენ დაკავებული და ახლა ოპოზიციის ხელთ არსებული გაყალბების ერთადერთი მტკიცებულებაა – მათი წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძე „დიდი ეროვნული შერიგების“ მოწოდებით გამოდის

ამაში მონაწილეობის მიღებას არც „ევროპული საქართველო“ აპირებს.

„ეს ფარსია. „ევროპული საქართველო“ და დანარჩენი ოპოზიცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს სხვა პარტიების წარმომადგენლებიც აცხადებენ. ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ ელისაშვილს მოუწოდა, მიზეზების ძებნას თავი დაანებოს და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობას შეუდგეს.

თევდორაძის თქმით, ელისაშვილი ეძებდა პარლამენტში შესვლის მიზეზს, იპოვა და აისრულა თავისი ოცნება. და ის ახლაც იპოვის მიზეზს კომისიაში შესასვლელად, რომელიც, თევდორაძის თქმით, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ „ქართული ოცნება“ დააკანონოს.

ამასთან, კომისიის პარალელურად მმართველმა პარტიამ „მოქალაქეებთან“ ერთად დაიწყო მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე, რომლის ინიცირება 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

სხვა სიახლეებთან ერთად, რეფორმა არჩევნებზე პიროვნების იდენტიფიკაციის სისტემის დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს.