როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს – ამირან გამყრელიძის განმარტება

საქართველოში თებერვლის მეორე ნახევრიდან ვაქცინაცია დაიწყება, მარტიდან კი ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უფრო დიდ პარტიებს მიიღებს, განაცხადა გამყრელიძემ.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. როდესაც მოსახლეობის 60-70% აიცრება და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელი იქნება ვთქვათ, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

როგორ ჩატარდება საქართველოში ექიმების ვაქცინაცია: ახალი დეტალები

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო 18 ქვეყანას შორის პირველი იქნება, რომელიც უახლოეს დროში Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას თებერვლის მეორე ნახევარში ელოდებიან.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირბადის ხმარების წესსა და სხვა რიგი შეზღუდვების მოხსნას დიდი დრო დასჭირდება.

„რასაც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუწოდებთ, ამის დაბრუნებას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება. ეს სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ბრიფინგზე შეზღუდვების შემსუბუქების საკითხსაც შეეხო. გამყრელიძის თქმით, დეკემბერ-იანვარში ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-ზე ავიდა, რამაც ინფიცირების საერთო რიცხვის შემცირება გამოიწვია.

საქართველოში 10 თებერვლიდან კოვიდგადატანილი 500 პაციენტის კვლევა დაიწყება>>

„როგორც კი დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ხალხს გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი უკვე დავამარცხეთ. მთლიანად ქვეყანაში და, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში გვაქვს პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კვლავ იქნება პირბადის ტარება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რათა პანდემია დამარცხდეს: გამყრელიძის განმარტება

რაც შეეხება ქვეყანაში ვაქცინაციას, გამყრელიძის თქმით, მარტში შემოვა ვაქცინის შედარებით დიდი პარტიები და აქტიური ვაქცინაცია დაიწყება.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, საქართველოს წელს 3,9 მილიონი დოზა სჭირდება, რის მისაღებადაც ინტენსიური და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებელთან.

პრიორიტეტული ჯგუფები ვაქცინაციისთვის უკვე განსაზღვრულია და შემდეგნაირად გადანაწილებული: ჯერ ჯანდაცვის სექტორი, შემდეგ თავშესაფრების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოქალაქეები, ასევე 55-64 წლის მოქალაქეები, 18-დან 54 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობა. უკვე ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის აცრა, მათ შორის, საქართველოს იმ მოქალაქეებისაც, რომელთაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი.